ავღანეთში დაჭრილ ივერი ბუაძეს დღეს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ავღანეთში გუშინ დაჭრილი 3 ქართველი ჯარისკაციდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის კი სტაბილურად მძიმე.

”ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაცია. დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში ყველანაირი პირობაა, რათა შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით მისი გერმანიაში ტრანსპორტირება მოხდეს. რაც შეეხება კიდევ ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”, – განაცხადა იზორიამ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა.

ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

banner
წინა სტატიაში(video) თემქაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარია
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა