აშშ-ში შესაძლებელია იმ მკვლელობისთვის მოგისაჯონ, რომელიც თქვენ არ ჩაგიდენიათ

ამერიკელი პოლიციელისთვის, რომელმაც შეიარაღებული მძარცველი მოკლა, არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ. მის მაგივრად სასამართლომ მკვლელად აღიარა მოზარდი, რომელსაც არავისთვის უსვრია. როგორ ხდება ასე? – ამერიკელი ჟურნალისტი ჯესიკა ლუსექსონი “ბიბისი”-ში თავის სტატიაში ამ თემაზე წერს.

აშშ-ს ბევრ შტატში მოქმედებს ე.წ. “თანამზრახველის პასუხისმგებლობის კანონი”.
ლაკიტ სმიტი 15 წლის იყო, როცა ის და მისი ოთხი უფროსი მეგობარი ერთ სახლში გასაქურდად შევიდნენ. შემთხვევა ალაბამას შტატში, ქალაქ მილბრუკში მოხდა. მძარცველები მეზობელმა შენიშნა და პოლიციაში დარეკა. პოლიციელები ზუსტად მაშინ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, როცა არასრულწლოვანი მძარცველები სახლს ტოვებდნენ. ისინი გაბრუნდნენ და სახლის უკანა ეზოდან გაქცევა სცადეს. პოლიციელებმა სროლა დაიწყეს. ერთ-ერთი ტყვია ყელში მოხვდა 16 წლის ა’დონტე ვაშინგტონს – ის ადგილზე გარდაიცვალა.

არავინ უარყოფს იმას, რომ ა’დონტე ვაშინგტონი პოლიციელის ტყვიამ მოკლა – პოლიციელის სამკერდე კამერამ ყველაფერი დააფიქსირა. ჟიურის პოლიციელისთვის ბრალი არ წაუყენებია და აღიარა, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მის მაგივრად ბრალი საკუთარი მეგობრის მკვლელობაში წაუყენეს ლაკიტ სმიტს. სასამართლომ ის დამნაშავედ აღიარა და გასულ კვირას 65 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. “თანამზრახველთა პასუხისმგებლობის შესახებ კანონის” თანახმად, სმიტი ისეთი დამნაშავეა, თითქოს მას თვითონ გამოეკრას სასხლეტისთვის თითი. “ეს ძალიან სამწუხაროა. სიკვდილის მიზეზი პოლიციელი იყო” – სმიტის ადვოკატი ჯენიფერ ჰოლტონი ამბობს.

ალაბამა გამონაკლისი არ არის. კანონები, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს დამდგარ სიკვდილს ათანაბრებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან, აშშ-ში ფართოდ გავრცელებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მოქმედებს 43 შტატში და მხოლოდ 7 შტატში არ მოქმედებს. 43 შტატში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალი შეუძლიათ წაუყენონ პირებს, რომელთაც ფიქრადაც არ ჰქონიათ არავისი მკვლელობა, მაგრამ მონაწილეობდნენ დანაშაულში, რომლის შედეგადაც პირი მოკვდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრაქტიკის ფესვები ინგლისურ სამართალში მიდის, ის აშშ-ს ფარგლებს გარეთ არსად მოქმედებს.
თუკი ძარცვის მსხვერპლი შემთხვევით დამნაშავის თვალწინ კვდება გულის შეტევისგან, მძარცველს ბრალს განზრახ მკვლელობაში წაუყენებენ, მერე რა, რომ მას არავის მოკვლა არ ჰქონდა აზრად? – ჩიკაგოს ჯონ მარშალის სამართლის სკოლის პროფესორი მაიკლ ჰეიმანი ამბობს. თუკი ამ დამნაშავეს ასობით მეტრის იქით თანამზრახველი მანქანაში ელოდებოდა, იმასაც წაუყენებენ ბრალს განზრახ მკვლელობაში.

ამერიკაში ამ კანონის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა იყო, როცა მამაკაცი განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავის მეგობარს ათხოვა მანქანა, ამ მეგობარმა კი ავარიის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა ქალი გაიტანა. ბრალდების მხარის აზრით, იმ ფაქტს, რომ მანქანის პატრონი შემთხვევის ადგილიდან 30 წუთის სავალი გზით იყო დაშორებული, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

აშშ-ში ლაკიტ სმიტის შემთხვევა იშვიათობა არ არის. უკანასკნელი თვეების მანძილზე მსგავსი მაგალითები მოხდა ჯორჯიაში, ფლორიდაში და ოკლახომაში.
აშშ-ს პროკურატურამ და სასამართლომ იგივე პრაქტიკა დააწესა გარდაცვალების იმ შემთხვევებზეც, რომელიც ნარკოტიკების გამო დადგა – მათი თქმით ისინი ნარკომანიის ეპიდემიას ებრძვიან, რომელიც ახლა მძვინვარებს აშშ-ში. მაგალითად, ერთ-ერთ ბრალდებულს საკუთარი ცოლის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი იმიტომ, რომ მან მოუტანა ცოლს ჰეროინი, რომლის გამოც დადგა სიკვდილი.

ლაკიტ სმიტის საქმე სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ იმის მაგივრად, რომ მას გამოძოიების ფარგლებში ბრალი ეღიარებინა, მოითხოვდა სასამართლოს დანიშვნა – ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან სკოტ ლემიე ამბობს.
“ადამიანებს ძალიან დიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და ეს ბევრს აიძულებს, რომ ბრალი აღიარონ, ამ შემთხვევაში ნაკლებ წლებს მისცემენ. სასამართლო განხილვა დიდი რისკია” – ამბობს ლემიე.

სმიტი წავიდა ამ რისკზე იმის მიუხედავად, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში მას მხოლოდ 25 წელი ემუქრებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს და 65 წელი მიუსაჯეს. დანარჩენმა სამმა ბრალდებულმა ბრალი აღიარა და ახლა განაჩენს ელოდებიან.

პროკურორი რანდალ ჰიუსტონი, რომელმაც სმიტს ბრალი წაუყენა, თვლის, რომ ბრალდებაც და განაჩენიც სამართლიანი იყო. “თუკი ხელში იღებთ იარაღს, სჩადიხართ დანაშაულს და ამის გამო ვიღაცა იღუპება, ეს ალაბამაში დაუსჯელი არ დარჩება” – თქვა პროკურორმა. ჰისუტონმა თქვა, რომ სმიტი, განაჩენის მოსმენისას იცინოდა. ადვოკატმა თქვა, რომ ეს იმაზე მიუთითებს, თუ როგორი ახალგაზრდაა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ანდრე ვაშინგტონი, გარდაცვლილი მძარცველის მამა, სასამართლოზე სმიტის დედასთან იჯდა და არა ბრალმდებელებთან. “სასამართლოში მე წავედი, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ჩემი თანადგომა მეჩვენებინა. პოლიციელები არასწორად მოიქცნენ. არ ვფიქრობ, რომ სმიტმა ეს დაიმსახურა. არა, საერთოდ არა” – თქვა ანდრე ვაშინგტონმა.

banner
წინა სტატიაშიმედიაჰოლდინგ Fox -ის ლონდონის ოფისში ჩხრეკა დაიწყო
შემდეგი სტატიაზაზა ჭაია: ვნახოთ!!!