აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველო სირიაში ასობით დაღუპულ რუსზე საუბრობს

აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა მაიკ პომპეომ სირიაში ასობით დაღუპულ რუსზე განაცხადა -ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს. “რამდენიმე კვირის წინ სირიაში რუსები ღირსეულ მოწინააღმდეგეს შეხვდნენ, და რამდენიმე ასეულიც დაიღუპა” – ასეთი განცხადება გააკეთა პომპეომ აშშ-ს სენატში მოსმენაზე, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მის დანიშვნას ეძღვნებოდა. პომპეომ არ დააზუსტა, რაზეა საუბარი. შესაძლებელია, მას მხედველობაში ჰქონდა თებერვალში სირიაში ამერიკის ავიადარტყმები, რომლის შედეგედაც დაუზუსტებელი რაოდენობით რუსი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა.

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ირგვლივ თებერვლის დასაწყისიდან დიდი ხმაური ატყდა. დაჯგუფება სირიაში აშშ-ს კოალიციამ დაბომბა. ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია კრემლს.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, 2018 წლის 7 თებერვალს დაჯგუფება, რომლის წევრები რუსებიც იყვნენ, დეიპ-ეზ-ზორის ერთ-ერთი პროცინციის დაკავებას ცდილობდა მდინარე ევფრატის მახლობლად. ამ რაიონს “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებენ, ამბოხებულების დაჯგუფება, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.

13 თებერვალს პენტაგონში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ჰარიგიანმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან დეტალურად ისაუბრა 7 თებერვალს მომხდარი ამბების ამერიკულ ვერსიაზე. მისი თქმით, 7 თებერვალს, საღამოს, საერთაშორისო კოალიცია, აშშ-ს მეთაურობით ამბოხებულებს მდინარე ევფრატთან პოზიციის დაბრუნებაში ეხმარებოდა. გენერლის თქმით, თავდასხმამდე მოწინააღმდეგემ არტილერია მზაობაში მოიყვანა, მათ შორის, ტანკები, ნაღმმტყორცნები და სხვა. სროლების მიმდინარეობისას პოზიციისკენ ჩუმად გაემართნენ დაახლოებით ერთი ბატალიონის შემადგენლობის შეიარაღებული პირები. ჰარიგიანის თქმით, ამ მომენტში ავიაცია ჰაერში იმყოფებოდა, მათ შორის უპილოტო MQ-9 და გამანადგურებელი F-22, რომლებიც სადაზვერვო სამუშაოებს ასრულებდნენ. გენერლის სიტყვებით, ამერიკელები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სირიაში რუს მეთაურებს და თავდასხმაზე მოუყვნენ. საუბრის დეტალები, შედეგები და რუსი სამხედროების რეაქციაზე გენერალს არ მოუყოლია, მხოლოდ აღნიშნა, რომ რუსებთან ოპერატიული მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.
რუსებთან საუბრის შემდეგ, გააგრძელა გენერალმა, კოალიციამ თავდასხმა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობდნენ გამანადგურებლები F-15E, უპილოტო MQ-9, სტრატეგიული ბომბდამშენი B-52, ასევე, ე.წ. “განშიპი” AC-130 და AH-64 Apache ტიპის ვეტმფრენები.
გენერლის თქმით, ჰაერიდან წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა და რომლის შედეგადაც განადგურდა მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემა და ტანკები. ამის შემდეგ, ჯეფრი ჰარიგიანის თქმით, თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. მან თქვა, რომ არ იცის ვინ იყო თავდამსხმელების ჯგუფში, კერძოდ, იყვნენ თუ არა იქ რუსები.
თავის მხრივ, სხვადასხვა უცხოური და რუსული მედია ირწმუნება, რომ დაჯგუფებაში იყვნენ რუსები და რომ დაღუპულთა რაოდენოდა 11-დან რამდენიმე ასეულამდეა.

რუსეთს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია – ფორმალურად, კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთის ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, განაცხადა, რომ 7 თებერვლის თავდასხმის შედეგად 25 სირიელი დაიჭრა და რომ დაშავებულთა შორის რუსები არ არიან. სამინისტროს ვერსიით, აშშ-ს მიერ მხადრაჭერილ დაჯგუფებას თავს არავინ დასხმია და რომ დაჯგუფება, რომელიც აშშ-ს ავიაციამ დაბომბა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” “მიძინებული დაჯგუფების” წინააღმდეგ ატარებდა ოპერაციას. ამასთანავე, უწყების თქმით, აშშ-ს მიერ დაბომბილ დაჯგუფებას ოპერაციის შესახებ რუსული მხარისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

banner
წინა სტატიაშიაშშ თურქეთს რუსულის სანაცვლოდ საკუთარ სარაკეტო კომპლექსს სთავაზობს
შემდეგი სტატიაპოლ რაიანი: ტრამპს სირიაში ძალის გამოყენების უფლებამოსილება აქვს