“აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის”

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცებას დიდი მხარდაჭერას უწოდებს.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის და აღნიშნა, რომ ისინი კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.

„ეს ჯგუფი შეიქმნა გასული წლის შემოდგომაზე. ამ მეგობართა ჯგუფის და თანათავმჯდომარეების მიერ მოხდა რეზოლუციის ინიცირება. რეზოლუციამ ძალიან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. საქართველოში კონგრესმენების მიერ ბევრი ვიზიტი განხორციელდა, ასევე ჩვენი მხრიდანაც იყო ვიზიტები, რათა მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, კონგრესში გამართული კენჭისყრისას დოკუმენტს 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.

„ეს პირველ რიგში ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში საქართველოს საკითხისადმი დიდ ინტერესს. აქტიურად განიხილება ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოს დღეს აქვს. აქტიურად განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, რომელიც აღნიშნულია რეზოლუციაში და ხაზგასმულია, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, რეზოლუციაში გამოხატულია ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი, მტკიცე პოზიცია, რომ ის არასდროს არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

“საქართველოს აღიარებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ის მტკიცედ დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა, უსაფრთხოება და საქართველო თავისი განვითარებით, ამერიკასთან თანამშრომლობით ამას აღწევს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ არამხოლოდ ამერიკის ადმინისტრაცია, არამედ ორპარტიული კონგრესიც მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსადმი და ეს მნიშვნელოვანია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგალში, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: 300 დასახელების საბაზისო მედიკამენტზე სახელმწიფო ზღვრულ ფასებს დააწესებს