აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა უსამა ბინ ლადენის ანდერძი გამოაქვეყნა

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის “ალ-ქაიდას” ყოფილი ლიდერის უსამა ბინ ლადენის ანდერძი გამოაქვეყნა. ანდერძის მიხედვით, ბინ ლადენი თავისი ქონების “ჯიჰადის მიზნებისათვის” დახარჯვას ითხოვს. დოკუმენტი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები “ნომერ პირველი ტერორისტის” ანდერძად მიიჩნევენ, სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში პაკისტანში ბინ ლადენის სახლში ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. როგორც ვარაუდობენ, ანდერძი “ალ-ქაიდას” ყოფილმა ლიდერმა 90-იანი წლების ბოლოს დაწერა.
ანდერძის გარდა, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ხელში კიდევ 112 დოკუმენტი აღმოჩნდა. მათი უმეტესი ნაწილი გასაიდუმლოებულია, ნაწილი კი ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა.
ანდერძში უსამა ბინ ლადენი თავის ქონებას 29 მილიონ დოლარად აფასებს. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხის თითო პროცენტი “ნომერ პირველმა ტერორისტმა” დაახლოებულ პირებს – “ალ-ქაიდას” მებრძოლს მაფუზ ალ-ვალიდს და ბიზნესმენს აბუ იბრაჰიმ საადს უანდერძა.
ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა უსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. “ალ-ქაიდას” ყოფილი ლიდერის ცხედარი კი ზღვაში ჩაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიმამიკინსი: საქართველოს უვიზო რეჟიმის თემა უკრაინისგან განცალკევდა
შემდეგი სტატია“ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული”