ასეთი აჯღაბუჯღა ოლქები პირადად გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა – მიხეილ მაჭავარიანი

საკონსტიტუციო სასამართლოს ადანაშაულებს მმართველი გუნდი საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებაში, რომელიც გუშინ პრემიერმა დაიწუნა. ქართულ ოცნებაში აღიარეს, რომ საარჩევნო ოლქების შეცვლილი საზღვრები არასწორია. ამის შესახებ განცხადება თავად პრემიერმინისტრმა რაჭაში გააკეთა.

განმარტებები გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკიმაც.

„ვენეციის კომისია მიუთითებდა, რომ შეიძლებოდა დაშვება გამონაკლისების მთის რეგიონებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ეს ბოლო ნაწილი უგულებელყო და დაგვავალა, რომ გამოთანაბრება მომხდარიყო,“- განაცხადა ვოლსკიმ.

არსებული მოუწესრიგებელი საარჩევნო სისტემის არსებობას სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

„ერთადერთი გზა, რომ ამ სისტემით არ ჩატარებულიყო არჩევნები, ასეთი აჯღაბუჯღა ოლქები არ შექმნილიყო, როგორც ახლა ქართულმა ოცნებამ, პირადად გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა, იყო პროპორციული არჩევნები,“- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

რესპუბლიკელები კი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პოპულიზმად მიიჩნევენ.

„პრემიერის განცხადებები არის პოპულიზმი. ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართულ ოცნებას. ჩვენი პოზიცია იყო რეგიონულ – პროპორციული სისტემა, რომელიც სწორედაც, რომ წარმოადგენდა რეგიონებს,“ – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.2857 ლარი გახდა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს