ასადმა სირიაში მიმდინარე ავიადარტყმებს დაუფარავი აგრესიის აქტი უწოდა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ კოალიციის საჰაერო დარტყმები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქალაქ დეირ-ზე-ზორში მოხდა, დაუფარავი აგრესიის აქტია – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ასადის თქმით, მომხდარი იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყნები, რომლებიც სირიის წინააღმდეგ გამოდიან, ტერორისტებს უჭერენ მხარს.

დღეს, 19 სექტემბერს დიდმა ბრიატნეთმა და დანიამ დაადასტურეს დეირ-ზე-ზორას ავიადარტყმებში მონაწილეობა, რომლის შედეგადაც სირიის არმიის 62 ჯარისკაცი გარდაიცვალა და 100-მდე დაიჭრა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ლონდონმა უკვე დაიწყო გამოძიება.

სულ ოთხი ავიადარტყმა მოხდა, რომლებშიც მონაწილეობდნენ თვითმფრინავები F-16 და A10.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომის დაწყებამდე აშშ-ს წარმომადგენელმა სამანტა პაუელმა რუსეთს ბრალი ცინიზმსა და პირფერობაში დასდო.
პაუელის თქმით, სანამ სირიის რეჟიმი ოპოზიციურ ძალებს უტევდა, ან უფლებას არ აძლევდა ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ მოსახლეობისათვის, მოსკოვს რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია გაეროში. “მაშინ რატომ შევიკრიბეთ ამ შეხვედრაზე დღეს? იმისათვის, რომ ყურადღება იქნეს გადატანილი იმ რეალობიდან, რაც სირიაში ხდება” – განაცხადა პაუელმა და გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომას, რომელიც რუსეთმა მოიწვია, სატყუარა უწოდა.

სხდომამდე ამერიკული არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ კოალიციის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ზე-ზორას დაბომბვა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აცნობა, რომ მიზანი სირიის არმიაა. განცხადებაში აღნინულია, რომ ავიაგადაფრენა განხორციელდა იმ რაიონებზე, რომელიც ადრე იბომბებოდა კოალიციის ძალებისგან, ასევე, ამერიკელი სამხედროს თქმით, ავიადარტყმების დაწყებამდე რუსი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ აშშ-ს გეგმებზე.

მოგვიანებით პენტაგონის პრეს-მდივანმა პიტერ კუკმა დააზუსტა, რომ ინფორმაციის მიღებისას, სადაც საუბარი იყო აშშ-ს დარტყმის სამიზნეებზე, რუსეთს შეშფოთება არ გამოუთქვამს.

რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა შესაძლებელია “შეცდომითმა კოორდინატებმა” გამოიწვია, ასევე, მათი განცხადებით, აღნიშნული ” აშშ-ს რუსეთთან ურთიერთშეთანხმებით თანამშრომლობაზე უარის პირდაპირი შედეგია”.
~

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაბერლინში საკუთარი პარტიის დამარცხებაზე მერკელმა აიღო პასუხისმგებლობა