არღვევს თუ არა ივანიშვილი საარჩევნო კოდექსს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ზე ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების გადაცემათა ციკლის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს. მათი აზრით, ივანიშვილის შეხვედრები რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების ტრანსლირება მმართველი პარტიის რეკლამას წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა ჩაითვალოს “ჯი-დი-ეს”-ის მხრიდან “ქართული ოცნებისათვის” გაკეთებულ შემოწირულობად.

 როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტს ხვდება, გადაცემა წინასაარჩევნოდ ეთერში ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს გადის.

“გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებს, თუ “რატომ არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა”. ანონსის ვიდეოში დემონსტრირებულია “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი და სიმბოლიკა. გადაცემის ფორმატიდან და შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ გადაცემის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაა და თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება წინასაარჩევნო რეკლამისაგან.

“თუ გადაცემა ფორმალურადაც სარეკლამო სტატუსის მატარებელი იქნებოდა, მას უნდა დაეკმაყოფილებინა “საარჩევნო კოდექსის” 50-ე და 51-ე მუხლით განსაზღვრულ წინასაარჩევნო რეკლამის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, რეკლამა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო, უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ქრონომეტრაჟი, მითითებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დამკვეთის შესახებ და ა.შ.

“ვინაიდან გადაცემა ოფიციალური წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ გადის, ეს ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული იურიდიული პირისგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით მიღებული მომსახურებას, რაც იმავე ნორმის თანახმად შემოწირულებად ითვლება.

“აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თითოეული გადაცემა ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის მხრიდან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლო განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს.

“მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის ზემოაღნიშნული გადაცემათა ციკლი და ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში ამ ქმედებებს მიანიჭოს პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩენო აგიტაციის შესახებ გაკეთებული განცხადება აუდიტის სამსახურში არ შესულა”, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, მისმა უწყებამ საჯარო განცხადებაზე რეაგირება უკვე დაიწყო.

“გავრცელდა აღნიშნული განცხადება და ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი არგუმენტები, თუ რა საკითხს ეხება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული მინიშნებები.

“ჩვენ ამ კონკრეტულ პროცესს განვიხილავთ, როგორც წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელზეც მანდატი და შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ადგენს წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმების უზრუნველყოფას. აუდიტის სამსახური ფარავს მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულებების ნაწილს.

“თუ წაიკითხავთ “საარჩევნო კოდექსის” შესაბამის დეფინიციას, ძალიან ნათლად დაინახავთ, თუ ვის რა ფუნქცია აკისრია. აუდიტის სამსახურს ამ შემთხვევაში პირიქით, აკრძალული აქვს თავისი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე რაიმე ზემოქმედება განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე, თუ წინასაარჩევნო აგიტაცია არღვევს იმ ნორმებს, რომელიც განსაზღვრულია “საარჩევნო კოდექსით”. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ის ბერკეტები, რომლითაც მან რეაგირება უნდა მოახდინოს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ამ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. როგორც “რეზონანსს” კომისიაში განუცხადეს, განცხადებას მოგვიანებით, საქმის შესწავლის შემდგომ გააკეთებენ.

“არსებულ საკითხს მარეგულირებელი კომისია შეისწავლის და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაში იყო ორი პუნქტი, ერთი, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მეორე წინასაარჩევნო პერიოდში მსგავს საკითხებზე დროული რეაგირება მოახდინოს.

“ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომისიამ წინასაარჩევნო  პერიოდში მედია მონიტორინგი 8 ივნისს დაიწყო და უკვე გამოქვეყნებულია ორი ანგარიში, რომელიც 8 ივნისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და მესამე შუალედური ანგარიში 8 სექტემბრის ჩათვლით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

“ამ პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლების მხრიდან გამოვლენილია არაერთი დარღვევა, ამაზე რეაგირება განხორციელებულია და არაერთ მაუწყებელს სანქციაც დაეკისრა”, – განაცხადეს მარეგულირებელ კომისიაში.

არასამთავრობოების განცხადებას თავად ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე დაირღვა, ბოდიშს მოიხდის და ჯარიმას გადაიხდის.

“რეზონანსთან” საუბრისას იურისტები განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ. იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის დროს ქართულ ოცნებაზე საუბარი რეკლამად არ შეიძლება ჩაითვალოს, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება.

იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გადაცემაში “ქართულ ოცნებაზე” საუბარს აგიტაციად მიიჩნევს.

“თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის საეთერო გამოსვლები “ქართული ოცნების” რეკლამად უნდა განვიხილოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად რეკლამაა, ან რეკლამის გაკეთების მცდელობა.

“თუ კანონი მოითხოვს, რომ ასეთი გადაცემები რეკლამის ქუდის ქვეშ უნდა გადიოდეს, რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს. ეს აშკარა აგიტაციაა და ამას ვერავინ უარყოფს.

“მე არ მესმის “ჯი-დი-ეს”-ს რატომ არ აქვს აგიტაციის უფლება, როდესაც, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში მიხეილ სააკაშვილს თითქმის ერთი საათი დაუთმო – “ნაციონალური მოძრაობისთვის” ესეც ასეთივე აგიტაცია და რეკლამა იყო.

უფრო მეტიც, სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამისი უფლება არ აქვს, ხოლო ივანიშვილს და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს იმისი უფლება არჩევნებში ჩაერიოს”, – განუცხადა “რეზონანსს” გელა ნიკოლაიშვილმა.

იურისტი პაატა შავაძე ზემოხსენებულს კანონდარღვევად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თუ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” საუბარს ადგილი აქვს, ეს რეკლამად არ შეიძლება ჩავთვალოთ.

“ამ შემთხვევაში კანონთან რაიმე სახის კონფლიქტი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს რეკლამა არ არის და შესაბამისად კანონი არ ირღვევა. თუკი გადაცემაში “ქართული ოცნების” ხსენება მოხდა და მის როლს გარკვეული ადგილი დაეთმო, მე ამას რეკლამად ვერ ჩავთვლი. ეს იურიდიულად და სამართლებრივად არ წარმოადგენს რეკლამას. მეტიც – ჩემთვის ასეთი მსჯელობა დაუსაბუთებელი და უადგილოა.

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი უმეტესად “ქართულ ოცნებაზე” ისაუბრებს. ჩვენ ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ ივანიშვილი “ოცნებაზე” არ ისაუბრებს. ჩაიხედონ საქართველოს რეკლამის შესახებ კანონში და ამ მიმართულებით მიმდინარე კანონმდებლობას გადახედონ.

“ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში უფრო მეტი იურისტი თუ იქნება დასაქმებული, ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება”, – აღნიშნა პაატა შავაძემ.

იურისტ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის მეშვეობით საარჩევნო კამპანია ისე დაიწყო, რომ ეს არც ერთ ფასიან თუ უფასო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჯდება. ხატიაშვილის თქმით, ივანიშვილი უწესო მეთოდებით უფრო მეტი უფასო, სატელევიზიო  დროის მოპოვებას ცდილობს.

“ბიძინა ივანიშვილი არათანმიმდევრული ადამიანია, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ატყუებს. ახლა არჩევნები მოდის და ეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი უყურებს, რომ შესაძლოა მისი არაოფიციალური მართვის ინსტიტუტი ხელიდან გაქეცეს, გამოდის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიას ეწევა.

“იგი კამპანიას იწყებს ისე, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო ფასიან თუ უფასო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჯდება და კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიას ეწევა – აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს აგიტაციაა. მიმაჩნია, რომ არასამთავროების მოთხოვნა სამართლიანია და მათ ყველა პუნქტობრივ მოთხოვნას ვეთანხმები.

“დარღვევად რომ არ ჩაგვეთვალა, ეს ყველაფერი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ჭრილში უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ არის, აქედან გამომდინარე “ქართულ ოცნებას” სხვა სუბიექტებთან შედარებით უპირატესობა ეძლევა. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს უწესო მეთოდებით იმაზე მეტი სატელევიზიო უფასო დრო მოიპოვოს, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

“რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშივენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” ფილიპინელმა რეჟისორმა აიღო
შემდეგი სტატიაგერმანელმა ჟურნალისტებმა ქართველი სამართალდამცველების მუშაობა დადებითად შეაფასეს