არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ყველას საერთო ინტერესი გვამოძრავებს, ამიტომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზეც ვიმსჯელებთ

ყველას საერთო ინტერესია, რომ მოხდეს არა მხოლოდ ფაქტების შეფასება, არამედ დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილი გამოეხმაურა პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციების საკითხს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს ეხება.

“ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი, რომ მოხდეს არა მხოლოდ ფაქტების შეფასება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს, რაც ჩვენს რეზოლუციაში ასახულია, თუმცა ვიმეორებ, ყველას გვამოძრავებს საერთო ინტერესი, ამიტომ მათ შორის სესიის ფორმატში ვიმსჯელებთ ოპოზიციის წინადადებაზე. თავისთავად, ყველა იმ წინადადებაზე, რომელსაც შემოგვთავაზებს ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ვიმსჯელებთ, თუმცა როცა ვდგამთ ამ ნაბიჯებს, ვაფასებთ მოცემულობას, ვითვალისწინებთ ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება თავად ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხს, დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ცხედრის გადმოსასვენებლად ყველაფერს აკეთებს.

“შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ყველა მექანიზმს იყენებს, რათა დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება. ჩართულია მათ შორის წითელი ჯვარი, რისთვისაც დიდი მადლობა მას”, – აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც ცნობილია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია შესული. ერთი უმრავლესობის, მეორე კი უმცირესობის მიერაა ინიცირებული.

banner
წინა სტატიაშიუვიზო რეჟიმის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატიაპროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი დაიწყებს