გიორგი აბაშიშვილი: არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის გამოცხადდა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარი კეთდება. ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ექვსი თვით ადრე მიიღო, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ:

„პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის გამოცხადება მოხდა ექვსი თვით ადრე არჩევნებამდე სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილიყო მეტად პროგნოზირებადი, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება უკეთესად დაეგეგმათ საკუთარი საარჩევნო კამპანია და ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო მუდმივი დილემა ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკური პარტიები უკიდურესად ბოლო მომენტში იგებდნენ არჩევნების გამოცხადების თარიღს. შესაბამისად, სულ სვამდნენ კითხვას, რატომ არ შეიძლება არჩევნების თარიღის დადგენა ადრე, რომ მათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია აწარმოონ.

ტექნიკური რეგულაციების თვალსაზრისით ეს ყოველივე, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ამოქმედდება 8 აგვისტოდან, შესაბამისად ეს არავითარ წინააღმდეგობას არ ქმნის“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

არჩევნების თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დაადგინდა, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ალცაიმერის დაავადებაზე გამარჯვების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაიგოეთთან ავარიის შედეგად მგზავრები დაშავდნენ