,,არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება”

ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სიცრუით ძალადობაში ”ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება.

”შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება. როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს. რასაკვირველია, ჩვენ მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

სააკაშვილს ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს – ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის – აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი – პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი პატარა ჯგუფს უნდა ემართა. ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით.

აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს – ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის.

სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად ითვლება.

”დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია.

ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას.

პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად ითვლება.
მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.

მედიამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს და, რასაკვირველია, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან და ინტერესებიდან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა საკუთარ ხალხს და რომელსაც დღეს რევანში სწადია.

ამ პარტიის ვითომდა განახლებული ლიდერებიც კი დღესაც საკუთარი პოლიტიკური წარსულის ქებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ შეცდომებს, რომელთა შესახებაც ”ნაციონალურ მოძრაობაში” თითქოს არავინ იცოდა.

რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ.

თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისუფლება მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო.

საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება.

ადრე მედია ამბობდა მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ”ნაციონალების” ესოდენ ნაქები პიარი, სინამდვილეში იმით გამოიხატებოდა, რომ ყველა არხზე მხოლოდ სააკაშვილი იჯდა დილიდან საღამომდე და ხან სახურავებიდან გვესაუბრებოდა და ხან მღვიმეებიდან. ყველა სხვა ინფორმაცია დახშული იყო.

დღეს მედია გახსნილია, ადამიანებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები, რასაც სათანადო გამოცდილება სჭირდება და რაც ჯერ აკლია ჩვენს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ – ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით. როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო”
შემდეგი სტატიასასამართლომ გვარამიას პირველი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილებაც მოითხოვა