არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი

არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი, სამწუხაროდ ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

თბილისის მერის განცხადებით, ის იზიარებს საზოგადოების მოლოდინს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული, თუმცა კახა კალაძის თქმით, მას ასევე ახსენდება სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე.

„მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული… მაგრამ… იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა – ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.

კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.

და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები – ესაა არა მარტო სარალიძეებისა და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.

არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი… სამწუხაროდ ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში… მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე, რომ კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არავის დარჩეს საზოგადოებაში“, – წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ გაიმართა. ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს