რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრემიერი ამბობს, რომ მას არ სურს რუსთავი 2-ის ცვლილება.
“არაერთხელ გამოვთქვი სურვილი არ ვისურვებდი მეხილა რუსთავი 2-შეცვლილი და მიმეცა ვინმესთვის სპეკულაციის საშუალება, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩემი სურვილი, რომ სალაპარაკო არავის არ მიეცეს.რამდენად მოხდება ცვლილება თუ არა ამას მე წინასწარ ვერ გეტყვით. სასამართლო არის სასამართლო ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს სამოქალაქო პროცესია და ვერ ჩავერევით,”- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია გვარამიას განცხადებების შინაარსი და ტონი
“მე არ შეიძლება როგორც პრემიერს კერძო ტელეკომპანიასთან პრეტენზიები მქონდეს. მაგრამ არის სასამართლო პროცესი, გვაქვს ინსტიტუციები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფები როდესაც ამ ინსტიტუციებს შეურაცხყოფებს აყენებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. იმაზე აღარ ვლაპარაკობ პრემიერმინისტრის მისამართით, რასაც ლაპარაკობს. თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება. მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი, დღეს ასე საუბრობს. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი შემოქმედი, რაც 2007 წელს ხდებოდა,”- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.