,,არ შეიძლება ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს, ერთი ბინის ნეიტრალიზაციას 2 საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს”

სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა – ერთი ბინის ნეიტრალიზაციას ორ საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ განუცხადა.

რურუას ინფორმაციით, პირები, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აღნიშნულ ბინაში ორ წელზე მეტია იმყოფებიან, საცხოვრებელ სახლში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით იარაღი და ეს ყველაფერი შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით მოხდა.

რურუას განცხადებით, აღნიშნული იმას ადასტურებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არის ძალიან დაბალ ნიშნულზე და ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია.

„პირველ რიგში, მინდა, სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდეს. მინდა სპეცოპერაციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ბუნებრივია, არსებობს კითხვები ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 18 საათია მიდის. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება გავრცელდა. სამწუხაროდ, სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა. არ შეიძლება ასეთი ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს. ერთი ბინის ნეიტრალიზაციას ორ საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. გამოიკვეთა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის სპეცოპერაციაზე Al Jazeera წერს
შემდეგი სტატიაიან კელი: ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებს