არ გადასცე კადიევი რუსეთს!

afxzმიკაილ კადიევი იდევნება რუსეთის ხელისუფლების მიერ თავისუფალი აზრის, მრწამსის და სამოქალაქო აქტიურობის გამო. ის წლების განმავლობაში ამხელდა რუსეთის ძალოვნების აღვირახსნილ თვითნებობებს დაღესტანში, იყო ორგანიზატორი და მონაწილე საპროტესტო აქციების, არის დაღესტნის დამოუკიდებლობის მომხრე. რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნის გამო, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა დაღესტანი და თავი შეაფარა საქართველოს.
,,ოცნების“ ხელისუფლებამ მ. კადიევი პირველად ბათუმში არაოფიციალურად დააკავა და ცდილობდა ფარულად გადაეცა რუსეთისათვის ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ის გზიდან გაექცა დამკავებლებს, რომლებმაც მას ესროლეს კიდეც. ამის შემდეგ მ. კადიევი ლეგალურად ცხოვრობდა თბილისში, მაგრამ ხელისუფლებამ ურჩობა არ აპატია. 2013 წლის 13 ივნისს საქართველოს შსს-მ მ. კადიევი დააკავა „ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობისათვის“. მისგან მოითხოვნენ ცრუმოწმეობას, თითქოს ის ჩამოიყვანა ყოფილმა პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ტერორისტული აქტების მოსაწყობად. სანაცვლოდ კი თავისუფლებსა და საქართველოდან მისი სურვილისაბრ ნებისმიერ ქვეყანაში გაყვანას სთავაზობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ 2 წელი ციხეში ეყოლებოდათ, რის შემდეგ გადასცემდნენ რუსეთს. მ.კადიევმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ წინადადებაზე.
ტერორიზმში ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მას მ. კადიევს მუხლი მოუხსნეს, მაგრამ გაასამართლეს სრულიად მოგონილი საფუძვლით-იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მას მიუსაჯეს ზუსტად 2 წელი, რომელიც უდანაშაულოდ მოიხადა საპატიმროში.
ამავე დროს, რუსეთში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ყალბი ბრალდებით. ისინი ითხოვენ უფლებადამცველის ექსტრადირებას, რათა გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი მონაცემებით, მისი გაცემას რუსეთმა მოითხოვა აბაშიძე-კარასინის ფორმატში. არსებობს უამრავი ფაქტი, მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა რუსეთის ხელისუფლება მისი პოლიტიკურ ოპონენტებს. კადიევსაც იგივე ელის. მას სამაგალითოდ დასჯიან.
პატიმრობის პერიოდში მიკაილ კადიევმა მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას ნიშნავს და დაიცავს მას ექტრადიციისაგან. სამინისტრომ კადიევს სრულიად უსაფუძვლოდ უარი უთხრა და მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამას მოჰყვა ქართული საზოგადოების ძლიერი პროტესტი, რის შემდეგ 2015 წლის 21 იანვარს თბილისის სააპლაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ.კადიევის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ და მრავალრიცხოვანი და სერიოზული მითითებებით საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნა სამინისტროს.
სოზარ სუბარის უწყება არ დაემორჩილა სასამართლოს სავალდებულო მითითებებს, მათი იგნორირებითა და ქართული საზოგადოების აზრის სრული უგულვებელყოფით, გამომწვევად და თავხედურად ხელმეორედ უთხრა უარი მ. კადიევს თავშესაფარზე. მ. კადიევმა ხელახლა აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის წარმოებაც დაწყებულია. ამჯამად მას ექსტრადიციისაგან იცავს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, რომელიც სასამართლო განხილვები შემდეგ უმალ მოეხსნება, თუ საქმე მის სასარგებლოდ არ დამთავრდა. მას აიყვანენ საექსტრადიციო პატიმრობაში, ხოლო ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა შემდგომში, ფაქტიურად, ფორმალურს გახდის საექტრადიციო პროცესს, რადგან თავშესაფრის საქმის უარყოფით შედეგს ექნება პრეიუდიციული, წინასწარ დადგენილი ძალა საექსტრადიციო პროცესისათვის. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებით თავშესაფრის საქმე განიხილება შემცირებული პროცედურით, მხოლოდ 2 ინსტანციით. უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა უკვე არ არსებობს.
საქართველოს მთავრობა აპირებს მ.კადიევის ექსტრადირებას რუსეთში, რათა ისევ და ისევ ასიამოვნოს აგრესორსა და ოკუპანტს. მიკაილ კადიევის რუსეთისათვის გადაცემა იქნება ეროვნული სირცხვილი, რომელიც შავ ლაქად შემორჩება საქართველოს ისტორიას. ამ ფაქტით ჩვენი ქვეყანა მოექცევა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების კრიტიკის ქარცეცხლში, რაც კიდევ უფრო შეარყევს მის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან ერთად, ქართული ხელისუფლების ეს ნაბიჯი საშვილიშვილოდ გადაგვკიდებს ჩრდილოეთ კავკასიას!
პუტინი საქართველოსა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერია! არ გადავცეთ მტერს მის წინააღმდეგ მებრძოლო უფლებადამცველი, არ გავახაროთ აგრესორი. მივმართავთ საპარლამეტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამათავრობო ორგანიზაციებს, მთელს ქართულ საზოგადოებას: დღეს ყველას ვალია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება და მოვთხოვოთ ხელისუფლებას მიკაილ კადიევს მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი, მიანიჭოს მას ლტოლვილის სტატუსი!
2016 წლის 23 თებერვალს, რუსეთის საბჭოთა იმპერიის მიერ კავკასიის ხალხების დეპორტაციის დღეს, 14 საათზე, აფხაზთა კრების ორგანიზაციები ვაწყობთ საპროტესტო აქციას, – ,,უბედურების ზონა N3“, – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან (მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ. N 15ა, მეტრო “დელისის” მიმდებარედ, შესასვლელი ყაზბეგის ქუჩიდან).

 

აფხაზთა კრების საორგანიზაციო ჯგუფი

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე:მე გადავდექი!!!
შემდეგი სტატიაისან-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ლეონიდ გერგედავამ დაფინანსებისთვის გამოყოფი თანხა უკან დაუბრუნა