აქვს თუ არა პაატა შევარდნაძეს პოლიტიკური ამბიციები?

აქვს თუ არა პაატა შევარდნაძეს პოლიტიკური ამბიციები

აქვს თუ არა პაატა შევარდნაძეს პოლიტიკური ამბიციებიიმ დროს, როცა მსოფლიო პარიზის ტერაქტებით გამოწვეულ შოკშია, საქართველოში მთავარი თემა ისევ გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლება-არგამოსახლებაა. თუ ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ, მარგველაშვილის გამოსახლება, როგორც „ოცნებისთვის“, ასევე, პრეზიდენტისთვის, გარკვეუწილად, ღირსების საკითხია, თუმცა ამ თემაზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ მსჯელობის გაგრძელება არ ღირს. ყურადღების გამახვილება, ალბათ, არც იმაზე ეგების, მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე ახალ მოძრაობას რომ ქმნის, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდეს. დიახ, ბურჭულაძის თემაც უკვე გაცვეთილია, მით უმეტეს, „თაიმერის“ კულუარულად ექსკლუზიური ინფორმაციის ფონზე, რომლის მთავარი პერსონაჟიც, სხვათა შორის, პაატაა.

ყველა დონის ექსპერტი და პოლიტკური მიმომხილველი თანხმდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოში, ისეთი ამბები დატრიალდება, რომ დედა შვილს არ აიყვანს. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ და ყველა სხვა დანარჩენმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება, საარჩევნო კოალიცია შექმნან, რომლის ლიდერადაც, როგორც ვარაუდობენ, გიორგი მარგველაშვილი მოგვევლინება, „თაიმერის“ წყაროები არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ ბაზარზე სრულიად ახალი პოლიტიკური გაერთიანება გამოჩნდეს, რომლის სათავეშიც ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

„ახლა, ისეთ რამეს გეტყვით, შეიძლება, არ გაგიკვირდეთ, რადგან ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდეც“ იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც საინტერესო ინფორმაციაა“, – ეუბნება „თაიმერის“ ინფორმატორი, რომელსაც, როგორც ადრე აღგვინიშნავს, პოლიტიკური თანამდებობა არც ერთი ხელისუფლების დროს არ ეჭირა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის შუაგულში ტრიალებდა და ერთგვარად „რუხი კარდინალის“ ფუნქციასაც ასრულებდა.

ჩვენი ინფორმატორი, ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავა, მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციებს მიმოიხილავს, უფრო კონკრეტულად, ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად, ცივილური მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამ კონტექტსში 90-იანი წლების კულუარებს იხსენებს, ანუ ყვება, თუ როგორ და რატომ გაუჩნდა აზერბაიჯანის მაშინდელ ხელმძღვანელს, გეიდარ ალიევს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის იდეა და რატომ შესთავაზა ეს იდეა მაინცდამაინც ედუარდ შევარდნაძეს.

„მართალია, ითვლება, რომ გაზისა და ნავთობის „ტრუბა“, რომელიც საქართველოზე გადის, ედუარდის ინიციატივაა, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს თავიდან ბოლომდე გეიდარის იდეა იყო. დიახ, სწორედ მან შესთავაზა ცხონებულ შევარდნაძეს, რომ ეს „ტრუბა“ აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც ორივე ქვეყნას რუსეთის ხელახალი აგრსიისგან დაიცავდა,“ – ამბობს ჩვენი წყარო.

სხვათა შორის, ამ კონტექსტში, წყაროსთან საუბრის დროს, „თაიმერმა“ გაიხსენა, რომ საბჭოთა კავშირის დროს, შევარდნაძესა და ალიევს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ქონდათ, თუმცა ჩვენი თანამოსაუბრე კატეგორიულად ამბობს, რომ ეს უთანხმოება მალე აღმოიფხვრა და საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, შევარდნაძე-ალიევს უკვე ნორმალური, შეიძლება, ითქვას, მეგობრული ურთიერთობაც ქონდათ.

უფრო მეტიც, როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, მას შემდეგ, რაც ალიევს „ტრუბის“ იდეა გაუჩნდა, ბაქოში რუსი გენერლები ჩავიდნენ და იმისთვის, რომ ჰეიდარს ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი ეთქვა, საკუთარ კაბინეტში დაატყვევეს და რომ არა შევარდნაძის ამერიკული დახმარება, არავინ იცის, ეს ინციდენტი როგორ დამთავრდებოდა.

„სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ყველაფერი ეს იმიტომ გავიხსენე, რომ რასაც ახლა გეტყვით, ლოგიკურად გამემაგრებინა. მოგეხსენებათ, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და აქედან გამომდინარე, ჩემი დაკვირვებით, შემთხვევითი არც ის იყო, რომ ამას წინათ, საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი შევარდნაძის საფლავზე მივიდა. ეს შეიძლება, იმით აიხსნას, რომ მამამისს, გეიდარს ედუარდთან მეგობრობა აკავშირებდა, მაგრამ პირადად მე, ყველაფერ ამაში სხვა მესიჯი დავინახე, ანუ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყვლაფერი ეს იმას უკავშირდება, რომ ქართულ პოლიტიკაში შევარდნაძის ოჯახიდან ვინმე შემოვა. ეს ვინმე კი ვინ იქნება, თუ არა, ედუარდის ვაჟი, პაატა შევარდნაძე,“ – გამოთქვამს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ქართულ პოლიტიკაში, ყველა დროსა და ეპოქაში, ერთგვარად „რუხი კარდინალის“ ფუნქციას ასრუელბდა და ასრულებს.

„თაიმერის“ მიერ დასმულ კითხვაზე, რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ პაატა შევარდნაძე პოლიტიკაში მართლა ჩაერთვება, წყარო პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ამით „ოცნებას“ მხარდამჭერთა ის სეგმენტი გამოეცლება, რომელიც თავის დროზე ივანიშვილის გვერდით სწორედ შევარდნაძის „პოლიტიკური ნოსტალგიის“ გამო დადგა.

თუ „თაიმერისთვის“ კულუარულად მოპოვებული ინფორმაცია გამართლდა, გამოვა, რომ „ოცნება“ კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება, რომლის დასაძლევადაც სერიოზული ძალისმევა მოუწევს, თუმცა ეს ძალისხმევა თუ ისევ „იაფ ფულთან“ და სხვა მსგავს ინიციატივებთან იქნება დაკავშირებული, ბუნებრივია, ხალხის დარწმუნება, 2012 წლისგან განსხვავებით, მაინცდამაინც ადვილი აღარ იქნება.

banner
წინა სტატიაშირაზე ისაუბრეს ობამამ და პუტინმა ანტალიაში G-20 სამიტზე…?
შემდეგი სტატიალაშა შუშანაშვილის ადვოკატი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებს-ნოვაცია “ქურდულ” სამყაროში