აპატურაი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საპატრიარქოს დელეგაცია ქართველი ხალხის ნებას მხარს უჭერს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აპატურაის თქმით, ქართველი სასულიერო პირები მიმდინარე მოვლენებზე კარგად იყვნენ ინფორმირებული.

„საპატრიაქროს დელეგაციასთან შეხვედრა უდიდესი პატივია. ამ სახის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში პატრიარქს შეხვდა და ეს ვიზიტი ამ შეხვედრის გაგრძელებაა. სასულიერო პირების დელეგაცია მიმდინარე მოვლენებზე კარგად იყო ინფორმირებული და საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს გამოწვევებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე სიღრმისეული საუბარი შედგა. ასევე, ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ეკლესია ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ამ შეხვედრიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საპატრიარქოს დელეგაცია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას. ვიცით, რომ ეკლესია ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საბოლოო ჯამში, ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო“, – განაცხადა ნატოს-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ნატო-ს შტაბბინაში, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპარლამენტში. დელეგაცია ასევე, ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოს მოინახულებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო : ზოგიერთმა უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა,საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ნატოს შტაბინაში სასულიერო პირების დღევანდელ შეხვედრაზე