ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს.

ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის მეთაურს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი ხელახალი არჩევა. მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი და შვაბი ემიგრანტების საქართველოში დასახლების 200 წლისთავი აღინიშნება. ორივე იუბილე გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ტრადიციული მჭიდრო კავშირის დასტურია. დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განმტკიცებაში საქართველოს მომავალშიც შეუძლია, ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვაგრძელებ მჭიდრო გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში გისურვებთ დიდ წარმატებებს!”, – ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის მილოცვაში.

მილოცვის წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისახელობითი სია, რომელმაც სააკაშვილს გუნდს ხმა მისცა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მე არ ვემხრობოდი თუმცა ცხადია ვემორჩილები