ანგარიშის მიხედვით, ერთ წელში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი – 17 429 052 ლარი დეპუტატ კახა ოქრიაშვილს აქვს მიღებული

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი – 17 429 052 ლარი – დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული, – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის წევრების კავშირებს ბიზნესთან, შეუთავსებელი საქმიანობას და არადეკლარირებული ქონებას ეხება.

ანგარიშის თანახმად, კახაბერ ოქრიაშვილის გარდა, სამეწარმეო საქმიანობიდან მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს დეპუტატებმა გრიგოლ მიქელაძემ („ქართული ოცნება”) – 1 185000 ლარი და ელგუჯა გოცირიძემ („ქართული ოცნება – მრეწველები”) – 1 011 839 ლარი.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიღებული. ესენია: კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) – შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 16,584,494.85 ლარი; იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) – შპს “იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2,250,440.00 ლარი; გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) – შპს “იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშკრულების ოდენობაა 12,022.50 ლარი.

დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი კი 25 შემთხვევაში იკვეთება, აქედან არადეკლარირებულია 7 შემთხვევა: მირიან წიკლაური („ქართული ოცნება“), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“), ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“), ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“) , გიორგი კახიანი („ქართული ოცნება“), ნატო ჩხეიძე (საქართველოს პატრიოტები), ირმა ნადირაშვილი („ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“).

banner
წინა სტატიაში“ენმ” აქციისთვის ემზადება – “ქართუ ბანკის” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიააშშ–ს სენატმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა დაამტკიცა