ანაკლია, განმუხური – ენგურში ჩასული ფეკალიები!

ისტორია, რომლის თხრობაც ერთი კვირის წინ დავიწყე და დღეს ვაგრძელებ (სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.timer.ge/ureki-pekaliebith-savse-zghva-da-sasmeli-tskhali/ ) ურეკიდან დაიწყო, შემთხვევით.
შემთხვევით არაფერი ხდებაო, – ვინმემ არ მითხრათ, – ნამდვილად შემთხვევით მოხდა ყველაფერი, უბრალოდ, ურეკში სულ სხვა საქმისთვის ჩავედი, ცნობისმოყვარეობამ გზად ძალიან კეთილ ხალხს შემახვედრა და, დღეს, თამამად შემიძლია გითხრათ – კიდევ კარგი, დაახლოებით, 10 ან 12 დღის წინ, ურეკში, წვერმაღალას მთის დათვალიერება რომ მოვინდომე. სხვა შემთხვევაში ვერ მოვისმენდი ბევრ საინტერესო ისტორიას, ვერ ვნახავდი ბევრ საინტერესო მშენებლობას და ვერც თქვენ, ჩვენი საიტის მკითხველებს ვერ გამცნობდით კარგ ამბავს.
მკითხველი რომ არ დაიბნეს, მოგზაურობის დასაწყისს შეგახსენებთ ამ თემაზე დაწერილი სტატიის პირველი ნაწილიდან: „ცხელა. აღმართს ნელა მივუყვები. მანქანა ქვემოთ გავაჩერე, ფეხით გავივლი-თქო ვიფიქრე, მარჯვნივ გაიხედავ და მწვანეში ჩაფლულ, ალაგ-ალაგ მიმოფანტულ სახლის სახურავებს ხედავ, მარცხნივ ტყეა, წინ გზა. მივაბიჯებ ბეტონის გზაზე, მივუყვები აღმართს, სიცხისაგან ლამის გავიგუდო, სამადლოდ ონკანი კი არა, გუბეც არ ჩანს არსად. ვიღაც მაჩერებს, „წყალიი“, – უნდა ამოვიხრიალო და… გადავიფიქრე, რაღაცნაირად შეხედა ჩემს ფოტოაპარატს:
_ გამარჯობა, საით, მეგობარო? , – გამიღიმა, ხელი გამომიწოდა.
_გაგიმარჯოს, – ხელი ჩამოვართვი, – ზემოთ მივდივარ, აქ წყალი სად შეიძლება დავლიო?
_ აქ? გზქაზე? აქ მოსახლეობასაც კი არა აქვს წყალი… ჟურნალისტი ხარ? – შეცვალა უცებ თემა და ფოტოაპარატს ისევ შეავლო თვალი, პასუხს არ დაელოდა, დაასკვნა, – კი, ჟურნალისტი ხარ, ტურისტები აქ არ ამოდიან… დაგრჩათ რამე გადასაღები? აღარ მიაქვს აქედან ბიძინას ხეები, წაიღო ერთი ხე, ხომ გადაუღეთ და აფრიალეთ, ეს რა გააკეთაო? მორჩა „კინო“… ან რას ჩაყევით „საფლავში“ ერთ ხეს, როგორ და რამდენჯერ გადარჩა მოჭრას შემთხვევით, ეს თუ გიკითხავთ. წამოდი, წამოდი, – მოლბა უცებ, – წამოდი.
ერთი მოსახვევის შემდეგ რამდენიმე სპეცფორმიანი ადამიანი შევნიშნე. ჩემმა თანმხლებმა, ერთს, სტაფილოსფერ ფორმაში გამოწყობილ, ჩაფხუტიან კაცს დაუძახა, წყალი მომეცი, სტუმარს უნდა დავალევინოო. იმ გასახარებელმაც – სტუმარს წყალს როგორ დავამადლიო, – მოიტანა. სული მოვითქვი.
_ აი, აქედან წაიღო ხე ბიძინამ, ცოტა ქვემოთ რომ ჩავალთ, გაჩვენებ სად წაიღო. აი, ამ გზით წაიღო. ეს ბეტონის გზა ბიძინამ დააგო. ამ გზამდე აქ ტალახი იყო. ახლა გაიხედე მარჯვნივ, ხედავ რამეს?
_ ვერა.
_ ხმა გესმის?
_ კი.
_ კარგი, გავყვეთ ახლა ამ ხმას.
გავყევით ხმას და უცებ უზარმაზარ ორმოსთან აღმოვჩნდით (ეს სურათიც ახლავს სტატიას). იქ, ფსკერზე, რამდენიმე ადამიანი და ტექნიკა მუშაობდა.
_ ეს ორმო რაა იცი? აქ ხეები რაც იყო ბიძინამ წაიღო და ისე ჩუმად წაიღო, ვერავინ გაიგო. ჰოდა, ახლა აგერ გაქვს ფაქტი…
სიტყვა სიცილის გამო ვერ დაამთავრა. არა, კი არ იცინოდა ხარხარებდა. მივხვდი მაშაყირებდა (სწორედ ეს სიტყვა ესადაგება ჩემს იმწუთანდელ მდგომარეობას).
_ მამუკააა, – ვიღაცას გასძახა, – მოდი, სტუმარი უნდა გაგაცნო.
გამაცნო“.
მოკლედ, ვაგრძელებ მოგზაურობას, რომელიც ურეკიდან, წვერმაღალას მთიდან, დავიწყე და წალენჯიხაში, ჩემს მშობლიურ კუთხეში დავასრულე. ამ გზაზე ჩემი გიდი, მამუკა მსხილაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი იყო და, აქვე, ერთ „უმნიშვნელო“ დეტალს შეგახსენებთ:
აზიის განვითარების ბანკის მიერ 500 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი, რათა საქართველოს რეგიონებში მასშტაბური წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქნას ჩატარებული. ურეკში, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 78 მილიონი ლარი დაიხარჯება და აქ სამუშაოებს ასრულებს შპს „ფერი“. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, კომუნისტების ეპოქიდან მოყოლებული, დღემდე, ურეკში მოსახლეობას სასმელი წყალი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ურეკი თავისი მაგნიტიტით, მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური დასასვენებელი ადგილია. რამდენიმე თვეში ურეკის მოსახლეობას სასმელი წყალი ჩვეულებრივად მიეწოდება. 21-ე საუკუნეა და ონკანიდან წამოსულ სუფთა წყალს ურეკელები, პირველად ნახავენ.
ურეკის დათვალიერების შემდეგ ანაკლიაში წავედით, გზად მამუკა ამბებს მიყვებოდა. ძალიან შორიდან, ანტიკური ხანიდან რომ დაიწყო, გავაჩერე, ისტორია მეც ვიცი-მეთქი.
_ განა იმას გეუბნები რომ არ იცი, რაღაც ხომ უნდა ვილაპარაკო, – მიპასუხა.
_ შენს თავზე მომიყევი.
_ რა ვიცი, რა მოგიყვე. ვმუშაობ აქ, კი ნახე რასაც ვაკეთებთ. ქალაქისკენ (თბილისი) რა ხანია არ გამიხედავს.
_ რატომ?
_ ისევე, როგორც ნახევარ საქართველოზე მეტი, მეც დამიჭირა სააკაშვილმა. მთაწმინდის პოლიციის ძველი შენობა ხომ გახსოვს? ახალი ხომ იცი? ჰოდა, ახალს რომ აშენებდნენ, მოვიდნენ – „ამდენს“ დახარჯავ და „ამდენს“ დაწერო. მეც არ დავწერე და მსტაცეს ხელი. სამი წლით ადრე ძველი, დამტვრეული მანქანა (თუ სწორად მახსოვს „06“ მითხრა) მქონდა გაყიდული, 600 დოლარად და ეს 600 დოლარი ქრთამიაო, დაწერეს. სასამართლოზე დადასტურდა ქრთამი კი არა მანქანის საფასური რომ იყო, მაგრამ მაინც ჩამსვეს, როგორც ხდებოდა იმ პერიოდში, ბრალი არ ვაღიარე. გამოვედი ციხიდან და გამოვეცალე ქალაქს (თბილისს), იქით გახედვაც არ მინდა. ვარ აქ და საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებ! როგორ ფიქრობ, გვეშველება რამე? – მომიბრუნდა და მკითხა. კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, დავიბენი:
_ რა ვიცი, რატომ მეკითხები?
_ თბილისში შენა ხარ, ჟურნალისტი შენა ხარ და ხომ უნდა იცოდე?
_ ტელევიზორს არ უყურებ?
_ არა, რას უნდა ვუყურო? ათასჯერ ჩამოდით ჟურნალისტები, დასდევთ ხეებს, ათასჯერ გაგვიარეთ, დაგვინახეთ რომ ვმუშაობთ და სიტყვა არ დაძარით და კიდევ აქეთ „მედავები“ რატომ არ უყურებ ტელევიზორსო? საქმე რაშია იცი? ერთი შვილი მყავს, მე რომ დაჭერილი ვიყავი, ჩემი ცოლის ცხონებულმა ძმამ გამიზარდა და დამიყენა გზაზე, არ მინდა საზღვარგარეთ წავიდეს. იყო იქ, ისწავლა, ჩამოვიყვანე და აქ, ჩემს სამშობლოში მინდა იცხოვროს… აი, შევდივართ ფოთში, მეგრელ კაცს მე რა უნდა გასწავლო… ხედავ მოსახლეობას?
_ ვხედავ.
_ ამ ხიდებს თუ ხედავ, არხზე რომ გადადის და სათითაოდ აკავშირებს მოსახლეობას ქუჩასთან? ეს ახლა გაკეთდა, სადმე გინახავს ვინმეს დაეწეროს ან ეთქვას? ეს ოხერი ცუდი მომხდარი არაა, უკვე წერთ ჟურნალისტები და კარგიც რომ მოხდება, ესეც რომ გააშუქოთ, რამე დაშავდება?
_ მთელი დღეა მსაყვედურობ.
_ საქართველო თქვენიცაა და ერთად რომ მოვუაროთ რატომ იქნება ეს ცუდი? აი, ესაა კოკაიას ხეივანი. კოკაია რაიკომის მდივანი იყო და თურმე პარტიის წევრი არ ყოფილა, წარმოგიდგენია?
_ ძალიან ლამაზია ეს ხეივანი.
ასე „ღიღინ-ღიღინით“ ჩავედით ანაკლიაში. ზუგდიდსა და ანაკლიაში „ლუდვიგ ფეიფერი“ და „in shaat”-ი აწარმოებს სამუშაოებს. აქ კეთდება გამწმენდი ნაგებობა, წყლის გაყვანილობა, რეზერვუარები.
_ ანაკლია მიშამ ისე გახსნა, წყალი არ შემოუყვანია აქ, დიდი ტაშფანდურით კი დააპიარა. აი, ახლა ვაკეთებთ აქ წყალსაც, გამწმენდ რეზერვუარებსაც. წამოდი დავათვალიეროთ.
ურეკში მიღებული შთაბეჭდილებების ფონზე, ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოების მასშტაბურობა აღარ გამკვირვებია. ერთადერთი, რაც განსხვავებულად თვალში საცემი იყო, ისაა, რომ ამ გადათხრილ ადგილას მუშებს სიგარეტის მოსაწევი ადგილიც კი გამოყოფილი აქვთ, საფერფლეს რომ შევხედე, რაღაცნაირად მესიამოვნა…
მოკლედ, თუ მოვინდომებთ მოწესრიგებული ერიც ვართ და მშრომელიც.
დათო გოგოლაშვილი:
_ ბეტონის სამუშაოები ფაქტიურად დამთავრებულია, ახლა მიდის მექანიკური სამუშაოები, ელექტროშეერთება, ამის გარდა უკუჩაყრა ხდება, ამის შემდეგ გასაკეთებელი იქნება ფასადები. ეს არის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, რაც ანაკლიას და განმუხურს მოიცავს, მომავალში ანაკლიის პორტი რომ გაშენდება, ისიცაა ამ პროექტში გათვალისწინებული.
_ კანალიზაცია არ იყო აქ?
_ კანალიზაცია იყო, მაგრამ გამწმენდი ნაგებოიბა არ იყო.
_ ფეკალური მასა სად მიდიოდა?
_ პირდაპირ ენგურში ჩადიოდა.
_ არა, მართლა მრცხვენია, რომ აქ პირველად ვარ.
_ აქ ყველაფერი უჟანგავი, ანტიკოროზიული მასალითაა გაკეთებული.
როგორც გავარკვიე ამ მშენებლობაზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ირაკლი აბულაძე ანაკლიიდანაა, ის მშენებლობის დაწყებიდან მუშაობს:
_ აქამდე სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ ასეთ მუდმივ სამუშაოზე არ ვყოფილვარ. ანაკლიაში, ინფრასტრუქუტის განვითარებას გვპირდებოდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ინვესტორები თავს იკავებდნენ ფულის ჩადებისაგან, იმიტომ რომ წყლის მოწოდება არ იყო, კანალიზაცია არ მუშაობდა, ელექტროენერგიის მოწოდება გაუმართავი იყო.
_ როდესაც ანაკლია გამოცხადდა საკურორტო ზონად და სააკაშვილმა დიდი ზარ-ზეიმით გაჭრა აქ ლენტი, მაშინ წყალი და კანალიზაცია არ იყო?
_ არა, არ იყო. კომუნისტების დროინდელი სისტემა მუშაობდა, რამოდენიმეჯერ ჩაუტარეს რეაბილიტაცია, მაგრამ წყალი უხარისხო იყო, არ შეიძლებოდა მისი დალევა გადადუღების გარეშე, ტურისტები კი მოვიდნენ, მაგრამ კანალიზაცია აქ არ იყო, შეწუხდნენ. სასტუმროებმა დროებითი „რაღაცეები“ გააკეთეს და ფეკალიები პირდაპირ მდინარეში ან ნიადაგში მიდიოდა, უცხოელი ტურისტებისთვია ძააან დიდ დისკომფორტს ქმნიდა ეს.
_ ქართველებისთვის კომფორტი იყო?
_ ქართველები შეჩვეულები ვიყავით, მრავალი წელი არ გვქონდა კანალიზაციის არც „ტრუბები“ და არც გამწმენდი. ხალხს ახლაც ვერ წარმოუდგენია რა საჭიროა ის, რაც კეთდება. ნელ-ნელა ყველა ხვდება და აცნობიერებს, რომ ეს ძალიან საჭიროა. ხალხი დასაქმდა, ინფრასტრუქტურა კეთდება, ტურისტებსაც ვეჩვევით და ისინიც გვეჩვევიან, მოსწონთ აქაურობა, ვითარდებით.
_ კაზანტიპი აქ არ ჩაატარეს?
_ ტორფის ნარჩენები მოყვებოდა მაშინაც წყალს, შემდეგ ფილტრები დააყენეს, მაგრამ ისიც დროებითი იყო. შემდეგ კახათიდან მოგვაწოდეს წყალი. მოკლედ, მწვავედ იდგა ეს პრობლემა.
ანაკლიიდან ზუგდიდისაკენ წავედით, წალენჯიხამდე ვიარეთ. ბევრი ვეძებე, მაგრამ ურეკში რომ ქალბატონი შემხვდა – „კეთდება საქმე, მაგრამ ამ მთავრობის სასარგებლოს არაფერს ვიტყვიო“, – ასეთი უმადური, არც მაქებარი და არც მლანძღველი, არავინ შემხვედრია. ზუგდიდში მთლიანად იცვლება წყლის სისტემა და როგორც ჩემმა მეგზურმა მითხრა: ძალიან გვიჭირს აქ მუშაობა, ქალაქის გეგმა არ არსებობს, არ იცი ორმოს რომ ამოთხრი, რას გამოედება ნიჩაბი, გეგმის გარეშეა ჩაყრილი მიწაში სატელეფონო ხაზები, ელექტროენერგიის კაბელები…
ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა ურეკიდან ზუგდიდამდე, დამშვიდობებისას ჩემმა მასპინძელმა, სვანეთში დამპატიჟა: როცა სამეგრელოში მოხვდები, დამირეკე, სადაც არ უნდა ვიყო, ჩამოვალ და ავიდეთ სვანეთშიო. აუცილებლად გავაგრძელებ სავნეთისაკენ გზას, მითუმეტეს, გიდი უკვე მყავს.

 

banner
წინა სტატიაშიმონარქია – “ერთდღიანი გაუგებარი პიარაქცია”
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: იმედია სასამართლო მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოსაზრებებს გაითვალისწინებს