ანა მიქელაძე – ცესკო-ს თავმჯდომარე ანდრეი შევჩენკოს საკითხს შეისწავლის და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია შეისწავლის უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადება შეიცავდა თუ არა აგიტაციის ნიშნებს.

როგორც პირველ არხს ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შევჩენკოს აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართა როგორც ცესკო-ს, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და უწყებათშორის კომისიას.

მისი თქმით, საია მიიჩნევს, რომ შევჩენკოს ქმედება საარჩევნო აგიტაციის წესების სავარაუდოდ დარღვევის ნიშნებს შეიცავს და ცესკოს-ს სთხოვს, რომ ეს საკითხი შეისწავლოს და სათანადო რეაგირება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს.

„ცესკო-ს თავმჯდომარე საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის გარემოებებს შეისწავლის და კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე, შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ტიპის დავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგანია და ამისთვის განკუთვნილია ერთთვიანი ვადა, თუმცა ცესკო მაქსიმალურად შეეცდება, რომ საკითხი მოკლე ვადებში შეისწავლოს და კანონით განსაზღვრული ღონისძიებები განახორციელოს“, – აღნიშნა მიქელაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციააში მიიჩნევენ, რომ შევჩენკომ სავარაუდოდ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩის შემდეგ განაცხადა – „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.

banner
წინა სტატიაშიჯანი ბუკიკიო – საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის “ქართული ოცნების” ოფისის ტერიტორიიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს