ანა დოლიძე – ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო

ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს.

დოლიძის თქმით, დღეს უპრეცედენტო ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე – პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარდგენილია კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით.

„დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი. შეიძლება ითქვას, ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი – ერთი არის „ქართული ოცნება“, რომლის მიერ ინიცირებული, საერთაშორისო ვალდებულებად აღებული საკითხი არის ის ხუთი საკითხი, რომელიც არის გამოყენებული პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში; მეორე არის ჩვენი ოპოზიციურ პარტიათა სპექტრი, რომელიც მრავალსაათიანი შეხვედრები, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდა, რომ იმისათვის, რომ წინამდებარე დოკუმენტს შესძინონ თანახმობის დოკუმენტის ელფერი და გადაარჩინონ ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსს, შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს და თქვენს წინაშე წარმოადგინონ მოტივირებული შენიშვნები. დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს გამოსავალს ამ სიტუაციიდან, რათა კონსტიტუციას მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც ჰქონდეს.

პრეზიდენტის ვეტო ექვსი ძირითადი შეთავაზებით არის წარმოდგენილი. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვალასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ასახულია ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე პროპორციულად განაწილება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს. პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში წარდგენილია წინადადება, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები განაწილდეს როგორც პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა ნარჩუნდება. პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული, რაც ორპალატიანი პარლამენტი ამოქმედდება. ვეტოს ფარგლებში კორექტირებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. ამავე პროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას არა სრული თანხმობით, არამედ სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, რისთვისაც მას 113 ხმა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშისართიჭალაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა
შემდეგი სტატიაქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს