ანა დოლიძე : აუცილებელია, შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები და სასწრაფოდ გატარდეს რეფორმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეთა გამწესებაზე პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს.

ანა დოლიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადების მიღება უკვე წარმოებს.

„იუსტიციის საბჭოს წინაშე არის წარდგენილი რამდენიმე ათეული კანდიდატის ინფორმაცია, რომლებსაც უკვე აქვთ სამოსამართლეო გამოცდილება და მათი უვადოდ გადანიშვნის მოთხოვნის ვადაც დგება. როგორც იანვრისა და თებერვლის მოვლენებმა გვიჩვენა, ეს უვადოდ გადანიშვნის პროცესი არის სუბიექტური, დახურული, იწვევს უამრავ პრობლემას და დარტყმას სასამართლო სისტემაზე. შეუძლებელია, ეს გადანიშვნები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს, განხორციელდეს ისე, როგორც წარსულში ხდებოდა. ამისთვის, ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საკანონმდებლო რეფორმა“, – განაცხადა დოლიძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი დროზე აიღებს პასუხისმგებლობას.

მისი თქმით, აუცილებელია უვადოდ გამწესების პროცესი შეჩერდეს და რეფორმა გატარდეს.

„აუცილებელია, შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები და პარალელურად, სასწრაფოდ გატარდეს მოსამართლეთა გადანიშვნების კუთხით რეფორმა“, – განმარტა ანა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა შორის, რომელთაც უვადოდ გამწესებაზე წარადგინეს განაცხადი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან მურუსიძეც იყოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამ დროისთვის, უვადოდ უკვე 100 მოსამართლე გაამწესა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ქუმსიშვილს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს