“ამით კი არ გვაშინებთ, გვაძლიერებთ” – ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გუშინ თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებიან. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სასამართლოში იმყოფება „ენმ“-ის თბილისის მერობის კანდიდატიც. ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავებისას, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რის გამოც ორი პირი საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს ცალკე სამართლებრივი მსვლელობა უნდა მიეცეს.

„სამართალდამცველების მხრიდან რომ იყო დარღვევა, ამის მომსწრე მე ვარ, იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი. ან როგორ იტაცებდნენ, როგორ იპარავდნენ, როგორ აგდებდნენ მანქანებში და მერე რაც მოხდა, სანამ ისინი იზოლატორში გადაიყვანეს, აგერ არის სახეზე, რომ ორი ადამიანის გადაყვანა იზოლატორიდან საჭირო გახდა საავადმყოფოში. ეს კიდევ ცალკე მოკვლევის თემა უნდა გახდეს, რა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გადაჰყავდათ იზოლატორში, მათ მიიღეს ძალიან სერიოზული ფიზიკური დაზიანებები და ეს სახალხო დამცველმაც ახსენა თავის გამოსვლაში,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი არის დაშინების მცდელობა.

„მე შემიძლია პირდაპირ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ამით კი არ გვაშინებთ, გვაძლიერებთ. თითოეულ ჩვენს დაკავებულზე ათჯერ მეტი ადამიანი გამოვა მათ დასაცავად და თბილისელების უფლებების დასაცავად, რასაც ემსახურებოდა გუშინდელი აქცია,“ – აცხადებს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა
შემდეგი სტატიაქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა