ამირან სალუქვაძე:სავალდებულო გაწვევა თუ ნებაყოფლობითი სამსახური?

SALUQVADZEEEEEEEEროგორ შევავსოთ შეიარაღებული ძალების რეზერვი?
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების საკითხი. სატელევიზიო ინტერვიუს ფორმატში, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში, 15-30 წამის განმავლობაში შეუძლებელია სრულყოფილად გადასცე მაყურებელს საკუთარი მოსაზრება. ამიტომ გადავწყვიტე ამ თემას ცალკე პუბლიკაცია დავუთმო.
დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში არავინ დაობს, თუ გაწვევის რომელი სისტემა ჯობია, ნებაყოფლობითი, ანუ ე.წ. საკონტრაქტო სამსახური, თუ სავალდებულო გაწვევა. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ არმიაში უმჯობესია გყავდეს პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები და არ მოხდეს მათი ხშირი დინება. თუმცა, არსებობს სხვადასხვა წინააღმდეგობები.
ასევე, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ შეიარაღებული ძალები ომს იწყებს (ან ებმება საომარ მოქმედებებში) მოქმედი შემადგენლობით, ხოლო შემდგომში მას ესაჭიროება შევსება ან დანაკარგების აღდგენის ან უფრო მასშტაბური ამოცანების გადასაჭრელად რიცხოვნობის გაზრდის მიზნით.
ნებსით თუ უნებლიეთ, მივადექით რეზერვის საკითხს და კითხვებს, როგორი რეზერვი გვჭირდება და რა რიცხოვნობის.
რეზერვთან დაკავშირებითაც, ასევე რთული იყო საკუთარი მოსაზრების სრულყოფილად დაფიქსირება 17 წამიან ჩართვაში, რადგან ფრაზები ყოველთვის იქნება საკუთარი მოსაზრებების კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამიტომ, რეზერვის საკითხზეც უფრო დეტალურად მომიწევს დაწერა, რადგან, როგორც თავდაცვის მინისტრმა სრულიად მართებულად განაცხადა, გაწვევის და რეზერვის სისტემები პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
ჯერ, რამდენიმე ფრაზით თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით. არცერთ პუბლიკაციაში ან ინტერვიუში არ მიხსენებია, რომ თავდაცვის სამინისტრომ ცუდი კონცეფცია შეიმუშავა. 15-25 წამში, რაც გამოეყოფა ერთ რესპოდენტს, ეთერში ყველაფერს ვერ მოახვედრებ. ინტერვიუში რეზერვთან დაკავშირებით, საუბარი იმით დავიწყე, რომ მივესალმე თავდაცვის სფეროში კონცეპტუალური და პროგრამული დოკუმენტების შემუშავებას. ეს მასალები ალბათ არსებობს რედაქციაში.
უკვე ამის შემდეგ გამოვთქვი საკუთარი, როგორც ჩანს, განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ თუ ყველანი ყველაფერზე ტაშს დავუკრავთ, ამით ქვეყანა არ აშენდება. წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ჩემი აზრების გადმოცემის ხისტი ტონი ან კრიტიკა ნურავის გაანაწყენებს. მე მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოვთქვამ.
საერთოდ, ყველა კონცეფცია ზოგადი დოკუმენტია, თუმცა, წარმოდგენილი, ჩემი შეფასებით, გარკვეულ საკითხებში მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. დეტალურად არ განვიხილავ შინაარსობრივ ხარვეზებს. ზოგადად აღვნიშნავ, რომ მასში არასწორადაა ჩამოყალიბებული ისეთი ცნებები, როგორიცაა, პრინციპები, მიზნები, ამოცანები და სხვა. ასევე, კონცეფციაში არ იწერება ხოლმე სურვილები. დასახვეწია სტილისტიკა, დოკუმენტის სტრუქტურა, ტექსტი საჭიროებს კორექტურას.
რამდენჯერმეა ნახსენები, რომ შემუშავებულია სხვადასხვა დოკუმენტები, სტრატეგიები, გეგმები. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გასაჯაროებული არაა და როგორ უნდა მოხდეს მთლიანი სისტემის კომპლექსური შეფასება? შესაძლოა ჯერ არაა დამუშავებული და თვეების შემდეგ შემოგვთავაზებენ. მაშინ უნდა ეწეროს, რომ შემუშავებული იქნება და მიეთითოს ვადები. თუმცა, ასეთ ფორმულირებებსაც კონცეფცია არ უნდა შეიცავდეს.
დოკუმენტში წერია, რომ „კონცეფცია ითვალისწინებს შეიქმნას სახელმწიფო-სამობილიზაციო მაკოორდინირებელი სტრუქტურა“. ამ ფრაზის მეტი არაფერი წერია აღნიშნულ სტრუქტურასთან დაკავშირებით. თუ კონცეფცია ითვალისწინებს, რომ შეიქმნას, მაშინ უნდა ეწეროს რა სტრუქტურაა, ვინ ხელმძღვანელობს, მისი შემადგენლობა, მიზნები და ამოცანები.
ყველაზე მთავარი, რაც ჩემთვის გაუგებარია. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯერ წარმოგვიდგინეს რეზერვის კონცეფცია და შემდეგ გამოაცხადეს სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ.
ვსვამ კითხვას: თუ სავალდებულო სამსახურის გაუქმება რეზერვის კონცეფციიდან გამომდინარეა, ანუ პირველი ნაბიჯი იყო კონცეფცია, ხოლო მეორე ნაბიჯი სავალდებულო სამსახურის გაუქმება, მაშინ წარმოდგენილი კონცეფცია არ უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო სამსახურს, ხომ? მაშინ კონცეფციის 9-ე პუნქტში რატომ წერია, რომ „ამასთანავე ტერიტორიული რეზერვი დაკომპლექტდება სავალდებულო სამსახურიდან დათხოვილი პირებით“? თუ აღარ გავიწვევთ, როგორ “დაკომპლექტდება სავალდებულო სამსახურიდან დათხოვილი პირებით“? თუ კონცეფციაში აკანონებთ, რომ სავალდებულო სამსახურის გავლილმა პირებმა უნდა შეავსოს, მაშინ რატომ აღარ გავიწვევთ?
ეს ფრაზა მიუთითებს, რომ რეზერვის კონცეფცია არანაირად არაა შეჯერებული დაკომპლექტების სისტემასთან. ან სავალდებულო სამსახურის გაუქმება არ უნდა გამოგვეცხადებინა, ან სავალდებულო სამსახური კონცეფციაში არ უნდა ჩაგვეწერა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი ცხადდება, რომ სავალდებულო სამსახური არ უქმდება, მას მოხალისეები გაივლიან. მოხალისეებით საკონტრაქტო სამსახურს ვერ ვაკომპლექტებთ სრულად და შენაერთებში წლების განმავლობაში დიდი არაკომპლექტია.
ამიტომ, როცა საექსპერტო საზოგადოება ვერ იგებს სამინისტროს გეგმებს, არ უნდა გაგიკვირდეთ.
მთლიანობაში, კონცეფციის ტექსტი მეცნიერულადაც დასახვეწია და კარგი იქნება თუ მოიწვევთ გამოცდილ სამხედროებს, მეცნიერებს და ყველას, ვისაც შეხება ჰქონია სამობილიზაციო საქმიანობასთან.
სამობილიზაციო საქმიანობა ძალიან რთული საქმეა და მთელი სახელმწიფოს მასშტაბით ვისაც არ გაუკეთებია, თავზე არც უნდა იტვირთოს. ძალიან კარგი კვლევა ჩაატარა სამხედრო-სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა (რომელიც ოთხმა გენერალმა დააფუძნა) ადამიანური რესურსების, ასევე ჩვენი რეგიონების სამხედრო თვალსაზრისით შესწავლის კუთხით. როცა ვსაუბრობთ ტერიტორიულ პრინციპზე, როგორც სახელმწიფოს თავდაცვის მოწყობის, ასევე რეზერვის სისტემის, მას წინ მსგავსი სამუშაოები უნდა უძღოდეს.
ასევე არიან ამ საქმის ღრმა სპეციალისტები, ათობით პოლკოვნიკი და გენერალი, რომელთა გვარებს არ ჩამოვთვლი, რათა არავინ გამომრჩეს და არ გავანაწყენო. ასევე, ვიცი, რომ დაიწყება იარლიყების მიწებება. ეს საკუთარი თავის დაცვის ცნობილი ხერხია. უამრავი სხვა სპეციალისტი იქნება. დაუძახეთ, დააწერინეთ შავი სამუშაო, გაუხარდებათ, არც ანაზღაურებას მოითხოვენ, იქეთ ბედნიერები იქნებიან, რომ სახელმწიფოს წაადგნენ. ნუ ფიქრობთ, რომ სამობილიზაციო საქმიანობას რაიმე სტანდარტი აქვს, ან რუსული, ან დასავლური. უბრალოდ არსებობს სხვადასხვა მოდელები. ეს არის თეორია და პრაქტიკა, სახელმწიფოს მასშტაბით ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.
დავუბრუნდეთ ისევ დაკომპლექტების და რეზერვის მომზადების სისტემებს.
კიდევ ერთხელ, არავინ დაობს იმ საკითხზე, რომ დაქირავებული პროფესიონალი სჯობს წვევამდელ ჯარისკაცს. უპირატესობა განა იმაშია, რომ დაქირავებულის მომზადება შესაძლებელია, ხოლო წვევამდელის არა. უპირატესობა გახლავთ ის, რომ წვევამდელს მომზადების შემდეგ სახლში უშვებ (რეზერვში რიცხავ), ხოლო დაქირავებული წლების განმავლობაში მსახურობს და ამ პერიოდში, თუ ის მუდმივ წვრთნებს გადის, იმაღლებს პროფესიონალიზმს. სხვა უპირატესობა დაქირავებულ სამხედროს არ გააჩნია. რაც მეტ ხანს იმსახურებს, უკეთესია არმიისთვის. თუმცა, არის მეორე წინააღმდეგობა, რომ ადამიანს ბეზრდება ერთი და იგივე საქმიანობა და ცალკე საზრუნავია მისი მოტივაციის შენარჩუნება. მხოლოდ ფული არ შეიძლება იყოს მთავარი მოტივატორი, არც პატრიოტიზმი.
სწორედ ამიტომაა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც გაწვევის შერეული სისტემაა, საკონტრაქტო სამსახურზე ძირითადად გადაყვანილი ჰყავთ საჰაერო ძალები, ფლოტი, მართვის სისტემების სპეციალისტები და ა.შ. ანუ, იქ დანაყოფები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალია საჭირო, ცდილობენ, რომ ხანგრძილივი პერიოდით ხელშეკრულების საფუძველზე დააკომპლექტონ.
მთელ მსოფლიოში მხოლოდ სამად სამი ქვეყანაა, რომელთაც პირადი შემადგენლობის 100% საკონტრაქტო სამსახურში იმყოფება. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. ჩვენ ვიქნებით მეოთხე ქვეყანა, თუ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება. ღმერთმა ქნას წარმატებული აღმოჩნდეს.
ისე, ის სამი ქვეყანა თავის ტერიტორიაზე ომს არ აპირებს. ალბათ ამაშიცაა მიზეზი, რომ სხვა კონტინენტებზე საომრად რთულია დაავალდებულო საკუთარი მოსახლეობა. მინდა შეგახსენოთ, რომ 1991 წელს, „უდამნოს ქარიშხალის“ ოპერაციისას, უკვე პირველ დღეებში აშშ-ს არმიას შეექმნა საკუთარი რიგების შევსების აუცილებლობა. მიმღებ პუნქტებზე კი, თუ ადრე რიგები იდგა, ამ დროს, როგორც მინიმუმ განახევრებული იყო მსურველთა რიცხვი. ისე, უფრო უარესი რიცხვებია, ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაადასტურებენ.
დანარჩენ ქვეყნებში არმიის დაკომპლექტების შერეული სისტემაა. მაგალითად, საფრანგეთში, რომელთანაც თავდაცვის სამინისტროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, ჯარისკაცების 65-70% წვევამდელები არიან. საფრანგეთში შექმნილია ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდების 80% თავს არ არიდებს სავალდებულო სამსახურს. სხვათაშორის, რუსეთში ეს ციფრი სარკისებურად საწინააღმდეგოა. იქ 80%-ზე მეტი არიდებს თავს ჯარში სამსახურს. შვეიცარიის მაგალითს აღარ მოვიყვან, პირადად ვარ ნამყოფი ორ ბაზაზე, დავესწარი წვრთნებს და გავეცანი მათ სისტემას. ერთადერთი საჰაერო ძალებია, სადაც 9000 სამხედრო მოსამსახურედან 100% ხელშეკრულებითაა. დანარჩენ სახეობებში როგორაა, ცნობილია.
რა მდგომარეობაა ჯარში სამსახურისგან თავის არიდების მხრივ ჩვენთან? ძალიან სავალალო. შევისწავლოთ რა რაოდენობის მოსახლეობა გვყავს იმ ასაკის, რომელიც გვაინტერესებს. შემდეგ დავიწყოთ გამოკლება იმ რაოდენობების, რომელთაც ვერ გავიწვევთ ჯანრთელობის ან სხვა მიზეზების გამო და ვნახავთ სურათს, რომელიც არც ისე სახარბიელო იქნება.
ასევე, ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებისას უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული ნიუანსები, რომელთა გამო შესაძლოა რაღაც საკითხების გადახედვა მოგვიწიოს?
პირველ რიგში, წარმატებული ჯარის საწინდარი არის კვალიფიციური ოფიცრები, სწორი საკარიერო/საკადრო პოლიტიკა და განათლების სისტემა. არმიის ხერხემალი არის ოფიცერთა შემადგენლობა, რომელსაც მუდმივად ვანიავებთ, წლების განმავლობაში, ვებრძვით ჭკვიანებს და წარმატებულებს. ქართულმა არმიამ 25 წლის განმავლობაში ვერ შესძლო ოფიცერთა კვალიფიციური რეზერვის დაგროვება.
გადახედეთ ამ მხრივ მეზობელ სახელმწიფოებს და სულ სხვა სურათს იხილავთ.
ახლა რაც შეეხება რეზერვის სხვა კატეგორიებს, რიგით და სერჟანტთა შემადგენლობას.
როგორც ოფიცრებს ჩამოვკიდეთ კლიშეები, იმისათვის რომ გაგვემართლებინა მათი მასიური დათხოვნები (ეს არ ეხება დღევანდელ სამინისტროს), ისე ვცდილობთ ახლა ახალი „რეფორმის“ კლიშეებით გამართლებას. კერძოდ, სავალდებულო სამსახური ცუდია თურმე იმის გამო, რომ ჯარისკაცებს სამეურნეო საქმიანობით და ყარაულებით ვაკავებთ.
სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით ვეთანხმები თავდაცვის უწეყბას. იყო დრო, როცა არ იყო იმის საშუალება, რომ დაგვექირავებინა სამოქალაქო პერსონალი. ეს მაშინდელი სამხედროების ბრალი არ ყოფილა. არცერთ მეთაურს არ გვიხაროდა ის თავის ტკივილი, რომ ჯარისკაცების მეშვეობით დაგვეცვა სისუფთავე. თუმცა პირნათლად აკეთებდნე ყველაფერს და პირადად მე ყველაზე ნაკლებად ეს საკითხი მქონდა საფიქრალი. დღეს არის საშუალება, რომ დაქირავებულმა სამოქალაქო პერსონალმა შეასრულოს სამეურნეო ფუნქციები და ეს ასევე არაა დღევანდელი მხედართმთავრების დამსახურება, ეს სახელმწიფომ უზრუნველყო, ბიუჯეტი 20-ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ყარაულს და, როგორც ეძახიან, „ვიშკებზე“ ანუ კოშკურებზე დგომას. საყარაულო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს საბრძოლო დავალების შესრულებას და ამ ამოცანის შესასრულებლად რესურსების გამოყოფას არ ვთვლი მოცდენად. იქნებ დამისახელოთ სახელმწიფოები, სადაც ჯარი არ იცავს საკუთარ სამხედრო ობიექტებს (არ ვგულისხმობ სამხედრო ქალაქებს), კერძოდ საბრძოლო ტექნიკის პარკებს, საავიაციო ტექნიკის სადგომებს, საბრძოლო მასალების საცავებს? იქნებ ავღანეთში ჩვენი ქვედანაყოფების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არაა ბაზების დაცვა? იქნებ ომის დროს, გარდა ზურგის ობიექტებისა, ჯარს არ მოუწევს ბატალიონების, ბრიგადების, სარდლობების საკომანდო პუნქტების, საბრძოლო მასალების საველე საცავების, საველე ჰოსპიტლების, ლოჯისტიკის პუნქტების და სხვა ობიექტების დაცვა?
რა თქმა უნდა, თუ ასე მარტივად ვუდგებით, რომ „გამოვა ვინმე თოფით ხელში და დაიცავს ხიდებს“, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
ზუსტადაც, საყარაულო მომზადება ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლისთვისაც ყველა უნდა იყოს მომზადებული. ამიტომ, ჯარისკაცთა მომზადების მთლიანი ხაბგრძკივობის გარკვეულ ნაწილს საყარაულო მოზადებაც უნდა შეიცავდეს.
რაც შეეხება საბრძოლო მომზადებას. ჯერ ერთი, დღევანდელი მდგომარეობით, საბრძოლო მომზადების ინტენსიობით თუ ვინმე კმაყოფილია, მე მაგ სიაში არ გახლავართ. ამიტომ, თუ სამხედრო მოსამსახურის საქმიანობა დილით არ დაიწყება დაგეგმილი მეცადინეობებით, წვრთნებით და არ დასრულდება მასზედ მიმაგრებული საბრძოლო ტექნიკის მომსახურებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გაწვევის როგორი სისტემა გვექნება.
გაჟღერდა, რომ გაწვევა იქნება ნებაყოფლობითი და ჯარისკაცებს გადავუხდით ანაზღაურებას, არა იმდენს, რამდენსაც ხელშეკრულებით მომსახურესო, მაგრამ რაღაც თანხას გადავუხდითო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ჯერ ერთი უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოთ რამდენს გადაუხდით, მეორეც, თუ წვევამდელებს, რომლებსაც 18 ლარს ვუხდიდით, მონებს ვეძახით, ახლა ნახევარმოები გვეყოლებიან, ნახევარ ხელფასებს გადავუხდით? რას ნიშნავს “იმდენს არა”?
საუბარი იყო, რომ წვევამდელი სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდებაო. ძალიან საინტერესოა გათვლების ნახვა, როცა წარმოადგენენ. მაგ განხილვაზეც ვიცი არ მიმიწვევენ, ამიტომ როცა გამოქვეყნდება, შემდგომში მოგახსენებთ ჩემს აზრს. მანამდე კი იმას ვიტყვი, რომ ეტყობა მსოფლიოს წარმატებული სახელმწიფოები კარგად ვერ ანგარიშობენ.
ვერავინ ასაბუთებს, რატომ არ შეიძლება 6 თვეში მომზადდეს თავისი სპეციალობის მიხედვით წვევამდელი მაღალ დონეზე და ჩაირიცხოს რეზერვში
ჩემს პრაქტიკაში, როგორც ქართულ არმიაში, ასევე საბჭოთა ჯარში, ვახერხებდი წვევამდელის ხარისხიანად მომზადებას. საბჭოთა ჯარში წვევამდელებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფით, სადაც ისინი ჰაერსაწინაღო ბრძოლის 80%-ს ასრულებდნენ, ორჯერ შევასრულე საბრძოლო სროლები რაკეტების გაშვებით „ფრიადზე“ (არ იყო იოლი მისაღები, ვინც იცის, გაიგებს). ყველაფერს ჯარისკაცები აკეთებდნენ. მე მხოლოდ მართვის რგოლში „არმია-ბრიგადა-დივიზიონი-ბატარეა“ ვიყავი და ჩემს ქვედანაყოფს ვმართავდი, საბრძოლო მუშაობას ვხელმძღვანელობდი და რაკეტის გაშვების ღილაკს ვაჭერდი ცერა თითს.
მოკლედ, ერთნაირი ხარისხითაა შესაძლებელი როგორც წვევამდელების,ასევე ხელშეკრულებით მომსახურე პერსონალის მომზადება. მეორე მხარეა პროცენტულად როგორი შეფარდებით გვესაჭიროება მოქმედ არმიაში სავალდებულო სამსახურში და ხელშეკრულებით მყოფი.
ვაცხადებთ, რომ სავალდებულო სამსახურს ვაუქმებთო და შემდეგ განვმარტავთ, რომ არ ვაუქმებთ, მოხალისეებით დავაკომპლექტებთო. გარკვეული პერიოდით, რაღაც აქციებით მოვიზიდავთ მოხალისეებს და შემდეგ ჩაწყნარდება. შეიარაღებული ძალების შემდგომი ხელმძღვანელობა კი პრობლემებს მოიმკის. შემდეგ ვიღაც იტყვის, ჩვენ გავაუქმეთ და ესენი ისევ იწყებენო.
ნუ ვიტკივებთ აუტკივარ თავს. 2008-ში რეზერვმა თუ ვერ იმუშავა ის გავარკვიოთ რა იყო მიზეზი. უამრავ ადამიანს ვესაუბრე იმ პერიოდში და ძალიან ბევრმა მითხრა რითი იყვნენ დაკავებულნი იმ 18 დღის განმავლობაში: 1 დღე ფორმის მირება მომზადება, 1 დღე სროლები, დანრჩენი მარშირება და რაღაც უბედურობები. ვინმემ მოიკითხა, მოიკვლია ვინ იყო ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი, ვინ ჩაატარა ექსპერიმენტი ქართველ მოსახლეობაზე? არა. ახლა, ვატყობ, მეორე ექსპერიმენტი იწყება.
რაც შეეხება 45 დღით სამუშაოდან მოცდენას, სამუშაო ადგილის და ანაზღაურების შენარჩუნებით. ეს საკითხი არაა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი (მთლიანად რეზერვიც არაა სამინისტროს მოსამზადებელი დამოუკიდებლად. ამის შესახებ ქვემოთ). დავარფტყამთ მცირე და საშუალო ბიზნესს. პერსონალის ასე მოცდენას აიტანს ვისოლ-ჯგუფი, სოკარი, მსხვილი ბანკები.
მე 4 წელი ვიყავი კერძო სექტორში და მიუხედავად პატრიოტიზმისა, ჩემი 10 თანამშრომლისგან 2 რომ გამეშვა 45 დღით, პლუს 30 დღე შვებულება, ეს გამოდის 75 დღე, 2 თანამშრომელზე კი 150 დღის შრომის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში ან დავკეტავდი რესტორანს, ან მე ვერ ავიღებდი ხელფასს. ბიზნესს ნუ სთხოვთ პატრიოტიზმს, მათ უნდა შევუქნათ პირობები, რათა ნახონ მეტი მოგება და გადაიხადონ გადასახადები. გადასახადებით უნდა შევინახოთ არმია და გავწიოტ სხვა ხარჯები.
მე არ ვამტკიცებ, რომ რეზერვში არ უნდა გავიწვიოთ კერძო სექტორიდან. უბრალოდ ამას ესაჭიროება სერიოზული გათვლები, ეკონომიკურ სიტუაციასთან და მაჩვენებლებთან შეჯერება, პერსპექტივაზე გათვლით. რას ვედარებით გერმანიას და სხვა ქვეყნებს? მათი მშპ, ბიუჯეტი, შრომის ანაზღაურება, უმუშევართა რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები და ჩვენი ერთია?
ასეთ მასშტაბურ რეფორმებს ესაჭიროება თვეების განმავლობაში მომზადება, განხორციელება კი ეტაპობრივად იგეგმება და არა ერთი ხელის მოსმით.
კონცეფციაში წერია, რომ მორგებულია არსებულ საფრთხეებთან.
დოკუმენტში არ ჩანს რომელი საფრთხის შემთხვევაში როგორ მუშაობს და როგორ ერგება ეს სისტემა. საერთოდ არ ჩანს ჯარების სახეობების სპეციფიკა, ვგულისხმობ საჰაერო ძალებს, ფლოტს.
რეზერვის კონცეფციით კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ ჯერ მივიღოთ თავდაცვის კანონი, განვაახლოთ სამხედრო დოქტრინა, მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო აქტები, შევაჯეროთ ისინი ერთმანეთთან, რათა ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგებოდეს და შემდეგ გადავდგათ დანარჩენი ნაბიჯები.
სხვათაშორის, დაზვერვის სამსახურმა ბოლო ორ წელიწადში 45-ზე მეტი საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და ნორმატიული აქტი მიიღო, რის საფუძველზეც ფაქტობრივად მოაწესრიგა საკანონმდებლო ბაზა. თუ როგორ მოხერხდა, შეუძლიათ კონსულტაციების გაწევა.
მოკლედ, დავასრულებ იმით, რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო სისტემის საკითხზე მუშაობა. რეზერვის სისტემა კი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. როგორც კონცეფციაში სწორად წერთ რეზერვის დაგეგმვისას, სახელმწიფოს მობილიზაციის სისტემის დაგეგმვის დროსაც ასევე დაღმავლობითი პრინციპი უნდა გამოიყენოთ. რასაც გულისხმობთ, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმვის მიმდევრობითი მეთოდი, მართვის პრინციპს კი ცენტრალიზებული მართვა ჰქვია.
რაც შეეხება საფრთხეებთან შეჯერებას, ასევე იმას თუ როდის, რა რაოდენობის და სპეციალობების რეზერვი გვესაჭიროება.
ყველაფერი იწყება საფრთხეების შეფასებით. კერძოდ, რომელი მიმართულებიდან რა საფრთხეს ველოდებით. პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელები – ყველასაფრთხიდან გამომდინარე იწერება ომის დაწყების და მოწინააღმდეგის მოქმედებების მინიმუმ 2 სცენარი. თითოეულ სცენარზე დგება ჩვენი სახელმწიფოს მოქმედების ასევე მინიმუმ 2 ვარიანტი. ყველა ამ ვარიანტის მიხედვით ტარდება ოპერატიულ-ტაქტიკური. ფინანსურ-ეკონომიური და სხვა ტიპის გათვლები, ხორციელდება საბრძოლო მოქმედებების მოდელირება.
ამ სამუშაოების შედეგად დგინდება სავარაუდო დანაკარგები, საბრძოლო მასალების და მატერიალური რესურსების საჭირო რაოდენობა და ა.შ.
მხოლოდ ასეთი სამუშაოების შედეგად მივიღებთ სურათს რა რიცხოვნობის, სტრუქტურის და შეიარაღების არმია გვესაჭიროება ომის საწყის ეტაპზე, რა რაოდენობის და როგორი რეზერვი გვჭირდება და ა.შ. მხოლოდ ასეთი გათვლების შედეგად შევძლებთ სახელმწიფოს, მთავრობას სწორად მივცეთ სამხედრო დაკვეთა.
მხოლოდ დასახელებებს ჩამოვთვლი იმ უზარმაზარი ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელებაც მშვიდობიან პერიოდშია საჭირო და რა ღონისძიებებიც კანონით მობილიზაციის შესახებ რეგულირდება:
– სახელმწიფოს/ცალკეული უწყებების სამობილიზაციო გეგმების შედგენა
– სახელმწიფოს მართვის ორგანოების, მათ შორის სათადარიგო მართვის პუნქტების, მომზადება საომარი პერიოდისთვის
– სახელმწიფოს/უწყებების მუშაობის მომზადება მობილიზაციისა და საომარი პერიოდისათვის
– სახელმწიფოს/უწყებების გადაყვანა საომარ პერიოდზე
– სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება
– შეიარაღებული ძალებისათვის მისაწოდებლად საავტომობილო და სხვა სახის ტექნიკის მომზადება
– მატერიალური მარაგების დაგროვება, შენახვა და განახლება
– საომარ პერიოდში მოსახლეობის უზრუნველყოფის ორგანიზება
– შეიარაღებული ძალებისთვის რეზერვის გაწვევა და მიწოდება
– სამობილიზაციო გაშლის წვრთნების და ტრენინგების ჩატარება
– მასმედიის სამუშაოდ მომზადება საომარი პერიოდისათვის
– მოქალაქეების მომზადება სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით, შეიარაღებული ძალებისთვის მისაწოდებლად.
ამ ჩამონათვალიდან ჩანს თუ რა სახის და მოცულობის სამუშაოები უნდა იქნას მომზადებული მთავრობის მიერ მშვიდობიან პერიოდში. თუ რა მოცულობით შესრულდა ეს სამუშაოები ან აგვისტოს ომამდე, ან ომის შემდეგ, აღარ დავკონკრეტდები. ამიტომ სამუშაო ძალიან ბევრია სამობილიზაციო მომზადების კუთხით.
ჩვენ ხომ გაკვეთილები ვერ გამოგვაქვს უახლესი ისტორიიდანაც კი. 2008 წელს, აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, ჟურნალ არსენალში გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფოს უსაფრთხოება“. სტატიაში აღწერილია თუ რა უნდა განხორციელდეს სამოქალაქო თავდაცვის, ომის დროს მოსახლეობის დაცვის კუთხით. სტატია გამოქვეყნებულია ჩემს ფეისბუქ გვერდზე. 7 წლის განმავლობაში ამ კუთხით არაფერი გამოსწორებულა.
ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ჩანს სახელმწიფოს ომისათვის მომზადების ღონისძიებათა მასშტაბურობა. რეზერვის სისტემა და ზოგადად რეზერვის მომზადება (კონცეფციაში საუბარი მხოლოდ პერსონალზეა), მართალია მნიშვნელოვანი. ოღონდ მხოლოდ შემადგენელი ნაწილია.
სახელმწიფოს სამობილიზაციო მომზადებას კომპექსურად უნდა მიდგომა. ამ სამუშაოში უნდა ჩაერთოს ყველა სახელმწიფო უწყება, მთელი სამეცნიერო პოტენციალი და საექსპერტო საზოგადოება. ექსპერიმენტების დრო არაა. არავინ იცის რას მოუტანს კავკასიას 2017 ან შემდგომი წლები.
ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი

banner
წინა სტატიაში2014 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 700 ათასია
შემდეგი სტატია„კომედი შოუს“ მსახიობი ავარიაში მოყვა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა