ამირან სალუქვაძე: საბჭო და თათბირები რეალური ქმედებების გარეშე ჰაერის ტკეპნაა

დიდი აჟიოტაჟია სოცქსელში სირიაში ვითარების გამწვავების საქართველოზე შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. ისიც განაცხადეს, რომ უკვე უშიშროების საბჭო უნდა იყოს მოწვეულიო. უკეთესი იქნებოდა საბრძოლო მზადყოფნისთვის მეტი დრო დაეთმოთ ექს-ჩინოვნიკებს, ჰქონდათ ამის დრო. თორემ საბჭო და თათბირები რეალური ქმედებების გარეშე ჰაერის ტკეპნაა– აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

“აღარ გავიმეორებ შარშანდელ და შარშანწინდელ მოსაზრებებს. მოკლედ მოგახსენებთ, მე-3 მსოფლიო ომი ჯერ არ იქნება. საქართველოსთან გააქტიურებას საპრეზიდენტო არჩევნების წინ ველოდები. იქნება სიტუაციის შერყევის მცდელობები. მიზნების მიღწევას ჩვენივე ხელებით შეეცდებიან. ზოგი პირდაპირ ღიად პრორუსული იქნება, ზოგიც დასავლურ ორიენტაციას ამოფარებული. ერთი რამ ვიცი, ყველა არაკონსტიტუციური სცენარი დაწერილი იქნება არა დასავლეთში, არამედ ჩრდილოეთში.

დავუბრუნდეთ სირიას. პენტაგონში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მოხდება თუ არა სათანადო მასშტაბების დაჯგუფების შექმნამდე სარაკეტო იერიშის მიტანა, მკითხაობაა. თუ მოხდება, ეფექტი არ ექნება.

დიდი ალბათობით მოხდება ამერიკული არმიის სიძლიერის დემონსტრირება, თანამედროვე ომის ელემენტების, მძლავრი რადიოელექტრონული მხარდაჭერის ფონზე: მასირებული სარაკეტო იერიშები, რომელთა შუალედებში, შესაძლებელია იმოქმედოს ავიაციამ.

ეფექტიანი მოქმედებების მოსამზადებლად კიდევ იქნება საჭირო მინიმუმ 1-2 კვირა.

გავრცელდა ინფორმაცია რუსული სამხედრო ხომალდების მიერ ტარტუსის ბაზის დატოვების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ელოდება ამერიკის მხრიდან სარაკეტო დარტყმებს და ამ დროს ფლოტის ადგილი ზღვაშია და არა პორტში.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია ამერიკული E-4B-ს ფრენების შესახებ. დიდი ალბათობით ეს მიუთითებს, რომ ტარდება ჰაერიდან საბრძოლო მოქმედებების მართვის წვრთნები.

ტერეზა მეის პოზიციის შეცვლა, რომ პარლამენტის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას იერიშის შესახებ, ნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მოხდება. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ სცენარების შემუშავება და რამდენიმე მათგანიდან კონკრეტული ვარიანტის ამორჩევა.

მანამდე კი აღმოსავლეთ გუტაში სირიის დროშა აღმართეს- აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

banner
წინა სტატიაშიასადის არმიამ დუმა აიღო
შემდეგი სტატიანიკა რურუა: თვით სტალინ-ჯუღაშვილიც განსაკუთრებით ფრთხილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან…