ამირან სალუქვაძე: დასრულდა ბერლინის სამიტი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე

saluqvadze1საერთო ჯამში მოლაპარაკებები ანგელა მერკელის რეზიდენციაში 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მისი ძირითად ნაწილი, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში, უკრაინის საკითხს შეეხო, შემდეგ კი მოლაპარაკებები სირიის თემაზე პეტრო პოროშენკოს გარეშე გაგრძელდა.

თვალშისაცემი იყო თუ როგორ დახვდა სტუმრებს გერმანიის კანცლერი. მან 3 სტუმარი მიიღო და სამთავეს განსხვავებულად მიესალმა: ფრანსუა ულანდს გადაეხვია ოჯერადი კოცნით, პეტრო პოროშენკოს პირდაპირ შეხვდა, ახლო მანძილზე, ხელი ჩამოართვა და რამდენიმე წამით გაესაუბრა, ვლადიმერ პუტინს კი გვერდულად შეხვდა, ხელიც შორიდან გაუწოდა ისე, რომ მისკენ არც მიბრუნებულა (იხილეთ მიმაგრებული ფოტოსურათები). აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს დაელოდა მანქანის სადგომთან, შემდეგ ჩამოდგა საპრეზიდენტო კორტეჟი და გადმოვიდა ოლანდი. დანარჩენ ორ შემთხვევაში კი მერკელი საკუთარი რეზიდენციის შესასვლელიდან მხოლოდ ავტომობილების გაჩერების შემდეგ დაიძრა.

არა მგონია ეს დიპლომატიური ენის ნიუანსები შემთხვევით გამოვიდა ისე, როგორც აღვწერე და გერმანიის გამოცდილ ფედერალურ კანცლერს არ ესმოდეს ასეთი დეტალები.

უკრაინის თემა, როგორც მედიით გავრცელდა, რაიმე საგრძნობი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. საერთოდ ამ სამიტის გამართვაც კითხვის ქვეშ იდგა. ბოლო ასეთი შეხვედრა ერთი წლის წინ გაიმართა.

რუსული მედია გაკვირვებული ავრცელებდა პეტრო პოროშენკოს განცხადებას, რომ დასავლეთმა უნდა აიძულოს რუსეთი შეასრულოს მინისკი-2-ს შეთანხმებები.

ადრე ვწერდი და ვიმეორებ, რომ მინსკი-2 უკრაინისთვის წამგებიანი შეთანხმებაა რამდენიმე პოზიციის გამო: 1. შეთანხმებაში სიტყვა „ყირიმი“ ნახსენები არაა. წერია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. თუმცა დონბასი და მისი ორი რეგიონი ცალკეა გამოყოფილი. ეს კიევს არ უნდა დაეშვა და ყირიმი ისევე უნდა ჩაეწერა, როგორ „დნრ“ და „ლნრ“. 2. მინსკი-2 ითვალისწინებს დონბასის ორი რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას.

შესაბამისად, თუ თვალს მივადევნებთ, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც განიხილება ბოლო ორი წლის განმავლობაში, ესაა „მინისკი-2“. ყირიმთან დაკავშირებით არც კიევის მხრიდან, არც დასავლეთისგან, გარდა ცალკეული ლიდერების (კერძოდ ბარაკ ობამას) განცხადებებისა, სერიოზული მოთხოვნები არ ყენდება.

ამიტომ ბერლნის სამიტით მხოლოდ რუსეთმა მოიგო. მოიგო დროც და მოიგო დიპლომატიაც.

ნორმანდიული ოთხეული შეთანხმდა შეიმუშაონ (განა შეიმუშავეს, აწი უნდა შეიმუშაონ) „მინსკი-2“-ს შესრულების საგზაო რუკა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „მინსკი-2“ თვითონაა საგზაო რუკა, კერძოდ მშვიდობის დამყარების (რამდენად სამშვიდობაა ცალკე გამპოვყოფ) საგზაო რუკა, გამოდის, რომ ბერლინში გადაწყვიტეს შეიმუშაონ საგზაო რუკის შესრულების საგზაო რუკა.

109151_main

იქედან გამომდინარე, რომ „მინსკი-2“ წამგებიანია კიევისთვის და დონბასის ცალკეული ტერიტორიები საბოლოოდ გამოყოფისკენ მიყავს (აფხაზეთის და ცხინვალის სცენარით, ოღონდ უფრო დაჩქარებული ტემპებით), ეს შეთანხმება მშვიდობის მომტანი ვერ იქნება. ესაა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის გახანგრძლივების საგზაო რუკა და არა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების. ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობას შორის დიდი სხვაობაა.

შეთანხმდნენ ასევე ეუთოს მისიის გაფართოების შესახებ, რაც ასევე აწყობს კრემლს. თუ რატომ აწყობს, უკვე გამოცდილი გვაქვს ჩვენს თავზე. ორი ტერიტორიის ერთმანეთისგან დაშორიშორება, მათ საბოლოო მოწყვეტისკენაა მიმართული.

რაც შეეხება სირიის საკითხს, საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები იყო და აქაც მოსალოდნელი არ იყო რაიმე სერიოზულ შედეგებზე გასვლა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რაიმე სერიოზული ცვლილებების ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელი არაა.

დასავლეთის და რუსეთის პოზიციები სირიასთან მიმართებაში უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს. ნამდვილი საინფორმაციო ომია გაჩაღებული. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ალეპოს დაბომბვას და ერთმანეთს სთხოვენ ცეცხლის შეწყვეტას.

თუმცა აქ რუსეთი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ერთის მხრივ ამბობენ, რომ ალეპოს ე.წ. ზომიერი (ამას წინათ ერთ-ერთმა მედიამ ჩვენთან გამოიყენა ტერმინის „გაწონასწორებული ოპოზიცია“) ოპოზიცია ბომბავს. თუმცა ახლახან თვითონ რუსეთმა და სირიის ხელისუფლებამ დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა ცეცხლის გახსნაზე და ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა. თან აჩვენებენ როგორ გამოდის მოსახლეობა მათ მიერ მითითებულ დერეფანში. როგორც წესი, დერეფანს ის აკეთებს, ვინც ისვრის. აბა თუ მეორე მხარე ისვრის, რუსეთი ვისი გარანტიით აკეთებს დერეფანს?

მოკლედ, ორთავე მიმართულებითბერლინის სამიტი უშედეგოდ დასრულდა.

14797287_660099194150271_137754784_n

ჩვენს სოციალურ ქსელში და მედიაში ფართოდ გავრცელდა ვლადისლავ სურკოვის სურათები, რომლებზეც ის მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფება.

საქმე იმაშია, რომ ზუსტად უკრაინის გამო სურკოვი დასავლეთის სანქციებში მოჰყვა და მას ეკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ეს ძალიან კარგად იციან კრემლში და ისიც იცოდნენ, რომ სანქციების სიაში მყოფი პირების დელეგაციაში ყოფნა გააღიზიანებდა დასავლეთს და, რა თქმა უნდა, სურკოვიც რუსეთის ლიდერმა სპეციალურად მოისვა გვერდით. რუსული ტელევიზიები თავის რეპორტაჟებს ზუსტად ამ გარემოების ხაზგასმით იწყებენ და განა იმას ამბობენ, რომ სურკოვი პუტინისგან ხელმარცხნივ ზის, არამედ შტაინმაიერისგან ხელმარჯვნივ ზისო.

რუსეთი და დასავლეთი საკმაოდ ცხელი დაპირისპირების მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო თემაა

 

 

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : არასწორი იქნება ჩემი მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დახასიათება