ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 13:04

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს 8350-მეტრიანი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა 28 მაისს დასრულდა. გრძელდება სარკინიგზო ხიდების, ათეულობით დამცავი კედლისა და ნაგებობის მშენებლობა. უახლოეს მომავალში, საქართველოს რკინიგზა უსაფრთხო გადაადგილების გასაუმჯობესებლად, მართვის ახალ სისტემაზე გადასვლასაც გეგმავს. ქვეყნის რკინიგზის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2019 წლის დეკემბრამდე დასრულდება. კომპანიაში მოდერნიზაციის პროექტს პირდაპირ უკავშირებენ ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. რა გავლენას იქონიებს განახლებული რკინიგზის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და გახდება თუ არა საქართველოს რკინიგზა ალტერნატიულ დერეფნებს შორის უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რა ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს კომპანია, საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსს, აკაკი საღირაშვილს ვესაუბრეთ.
-ბატონო აკაკი, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ქვიშხეთი-ზვარეს მეორე საოპერაციო გვირაბის გაყვანა დასრულდა. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება საქართველოს რკინიგზისთვის?
-ქვიშხეთი-ზვარეს მარცხენა საოპერაციო გვირაბის პრეზენტაცია 2017 წლის 19 ნოემბერს გაიმართა. დღეს კი მარჯვენა საოპერაციო გვირაბი გაიხსნა. ბეჟათუბნის, ბაზალეთის, ანეულასა და ძირულას ორივე გვირაბი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ექვსივე გვირაბი მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, რაც თავისთავად გულისხმობს უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით, რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მგზავრობის დროის შემცირებას. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მაჩვენებლები. ზესტაფონი-ხარაგაულისა და მოლითი-ქვიშხეთის მონაკვეთებზე არსებული 29%-ის ნაცვლად მაქსიმალური ქანობი 17,5 %-მდე დაიწევს, ხოლო მრუდის მაქსიმალური რადიუსი 200-დან 400 მეტრამდე გაიზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება საშუალებას მოგვცემს სატვირთო გადაზიდვებისთვის სიჩქარე 80 კმ/სთ, სამგზავრო მატარებლებისთვის კი 120 კმ/სთ გაიზარდოს. ყოველივე ზემოაღნიშნული შეამცირებს არსებული ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯებს და რკინიგზის გამტარუნარიანობას წელიწადში 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაზრდის. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში 12 სარკინიგზო ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ზესტაფონი-შორაპნის მონაკვეთზე 2 400 მეტრი ლიანდაგის დაგება დასრულდა. დამცავი კედელი აშენდა მდინარე რიონზე, რომელიც სარკინიგზო ხიდის ბურჯებს დაზიანებისგან დაიცავს. ხარაგაული-ლაშეს მიმართულებით 4 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი უახლოეს პერიოდში ორლიანდაგიანი გახდება. 2018 წლის აპრილის მონაცემებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული სამუშაოების 79% უკვე შესრულებულია.
-პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. სოლიდურია მისი ღირებულებაც. რამდენი ადამიანის დასაქმება მოახერხა ამ პროექტმა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას მომავალში?
-მოდერნიზაციის პროექტის ღირებულება 260 მილიონ 126 ათასი შვეიცარიული ფრანკია და იგი სრულად საქართველოს რკინიგზის შემოსავლებიდან ფინანსდება. როგორც აღვნიშნე, პროექტის დასრულების შემდგომ, გაუმჯობესდება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მგზავრობის დრო და სატვირთო გამტარუნარიანობა, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევრო-აზიური სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის საშუალებით, საქართველოს სარკინიგზო კორიდორი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისათვის მეტად მიმზიდველი გახდება. რაც მთავარია, მომავალში იგი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფუნქციონირებასთან ერთად, სატვირთო გადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამუშაოებს კი „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს.
-პროექტის დასრულების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი ტარიფების ზრდა?
-მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას სატარიფო პოლიტიკაზე გავლენა არ გააჩნია. იგი მთლიანად დამოკიდებულია სატვირთო გადაზიდვების არსებულ ბაზარზე და შესაბამისად, წარმოადგენს რკინიგზის, როგორც ბიზნესის კომერციულ ნაწილს.
-ზვარეს ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა პროექტის მიმდინარეობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა. რას გეგმავს რკინიგზა პრობლემის მოსაგვარებლად?
-ზვარეს ტერიტორიაზე საეჭვო გეოლოგიური პროცესების დაწყების შესახებ სამუშაოს მწარმოებლებმა დაუყონებლივ აცნობეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას. კომპანიამ გარემოს დაცვის სააგენტოს მალევე მიმართა და შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, მეწყერსაშიში ზონის პირველადი შესწავლა მოხდა. დათვალიერების შემდეგ, ინჟინერ-გეოლოგებმა სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, გეოლოგიური პროცესების შესწავლის მიზნით, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მდინარე ზვარულას გაწმენდა და ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი დაევალა. ერთ-ერთმა კონტრაქტორმა ჯგუფმა კომპლექსური გეოლოგიური კვლევაც წარმოადგინა და მომზადდა საპროექტო გადაწყვეტილებაც. თუმცა, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს რკინიგზამ პროექტის ექსპერტიზაში მესამე, დამოუკიდბელი მხარის ჩართვა გადაწყვიტა. შეირჩა ავსტრიული კომპანია- “IC CONSULENTEN ZIVILTECHNIKER GESMBH”, რომელიც საკონსულტაციო მიმართულებით დარგის წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს.
-საქართველოს რკინიგზაში კიდევ ერთი სიახლე იგეგმება. კომპანია მიკროპროცესორული ტიპის მართვის სისტემებზე გადადის. რას გულისხმობს ამ სისტემის დანერგვა?
-მიკროპროცესორული ცენტრალიზაცია, ე.წ. მპც ასევე მოდენიზაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. იგი დღეს არსებული სარელეო ელექტრული ცენტრალიზაციის, ე. წ. სცბ-ს ფუნქციურ ანალოგს წარმოადგენს. ამ უკანასკნელის მოწყობილობების კომპლექსი ათეულობით წლის მანძილზე ემსახურა საქართველოს რკინიგზას, თუმცა დღეს იგი ძალიან მოძველებულია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ სისტემის ფუნქციონირებით შეუძლებელია ახალი ოპერაციების დამატება, გაიზარდა მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის რისკი, სისტემაში შეუძლებელია პრევენციის გატარება, რელეური და ბლოკური სისტემები მოძველებულია. მისი ხანდაზმულობის გამო, შეუძლებელია სათადარიგო ნაწილების შესყიდვაც. ამიტომაც გახდა აუცილებელი მაღალპროდუქტიული და უსაფრთხო მოწყობილობების დანერგვა. სარელეო სისტემების მიკროპროცესორულ ბაზაზე გადასვლისას ახალი შესაძლებლობები ჩნდება. მისი ამოქმედებით მოხდება ჩანაწერების ავტომატური შენახვა, მონაცემთა ბაზის ფორმირება, დისპლეიზე დამატებითი ინფორმაციის გამოტანისა და მართვის ავტომატიზირებულ სისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობა, მართვის სისტემაში ჩართული მონაწილეებისათვის მრავალმხრივი ინფორმაციისა და ანგარიშების მიწოდება. ეს ყველაფერი კი ჯამში, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობისა და მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების გაზრდის გარანტია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 13:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics