ამერიკული არმია განაგრძობს ევროპის მარშრუტების ათვისებას

natonato12ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში განათავსებს სატანკო ბრიგადას, არტილერიას და 4 000 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა როტაცია განხორციელდება 9 თვეში ერთხელ. ამის შესახებ განაცხადა ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარის ხელმძღვანელმა ბენ ხოჯესმა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამერიკელმა გენერალმა დაასახელა სამხედროთა დისლოკაციის ადგილები: პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ბალტიის სახელმწიფოები. ბენ ხოჯესის თქმით, ამერიკული არმია მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ალიანსის წევრ და მეგობარ ქვეყნებს. „ჩვენთვის №1 პრიორიტეტია შემდგომი აგრესიის შეჩერება…რუსეთს სურს ევროკავშირის ერთიანობის დანგრევა, ნატოს ერთიანობის დანგრევა…მე ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს თავის ქმედებებს. 7 000 რუსი სამხედრო დღემდე იმყოფება საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყოველგვარი ლეგალური საფუძვლის გარეშე. რუსეთს დღემდე ჰყავს სამხედროები დნესტრისპირეთში. მას დღემდე აქვს დაკავებული ყირიმი და იბრძვის დონბასში“ -აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.
ამერიკული ტექნიკა და სამხედროები უკვე გზაში არიან. ათასი ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკის 400 ერთეული დაიძრა გერმანიის ტერიტორიიდან ესტონეთისკენ. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ამერიკული არმია ითვისებს მარშრუტებს ევროპის ტერიტორიაზე, აუმჯობესებს ლოჯისტიკას, რათა კრიტიკული მომენტის დროს სრულ მზადყოფნაში იყოს.

 

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში ქმრებს უფლება დართეს ცოლები მსუბუქად ცემონ
შემდეგი სტატიათავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 17 მოხუცი ემსხვერპლა