ამერიკელი მოგზაურის, ფრიც ვ. მუსერის ოჯახი ქართულ პოლიციასა და სასამართლოს მადლობას უხდის

ამერიკის მოქალაქის ფრიც ვ. მუსერის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ.ისინი მადლობას უხდიან უხდიან ქართულ პოლიციასა და სასამართლოს, რომლებმაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ დაიშურეს ძალისხმევა მუსერის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის.

„ფრიც ვ. მუსერის ოჯახის განცხადება მისი მკვლელობის საქმის დახურვასთან დაკავშირებით (08/12/16) გუშინ იყო სევდიანი, მაგრამ ამავე დროს იმედისმომცემი დღე მათთვის, ვისაც უყვარდა ფრიც ვ. მუსერი. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც აღიარა ფრიცის სიცოცხლის ხელყოფა, ჩვენ დავასრულეთ დაუგეგმავი მოგზაურობის ერთი ეტაპი, რომელიც 12 აგვისტოს მოულოდნელად დაიწყო.

მადლობელი ვართ პოლიციის და სასამართლოს ძალისხმევის, ასევე მათი, ვინც მხარი დაგვიჭირა მოგზაურობის ამ მონაკვეთში.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ოჯახში რჩება აუნაზღაურებელი დანაკარგი. წარმოუდგენელია, რომ ვეღარასდროს ვნახავთ ფრიცის სულელურ ღიმილს, ვერ დავტკბებით მისი ცოცხალი და გამჭრიახი დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი, ვეღარ მოვესწრებით მის გულწრფელ მზრუნველობას და თამაშს მოსიყვარულე დისშვილებთან. თავს ვინუგეშებთ იმ ფაქტით, რომ ფრიცი დაიღუპა 11 წლის წინ ჩაფიქრებული ოცნების განხორცილებისას, კავკასიის მთებზე კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ლაშქრობისას. როდესაც ფრიცი ლაშქრობის ამ მონაკვეთს ფიზიკური თანამგზავრის გარეშე გადიოდა, ის არ იყო მარტო. ფრიცი მუდამ იძენდა ახალ მეგობრებს და ინარჩუნებდა კავშირს ძველ მეგობრებთან, ისევე როგორც სხვა მოგზაურობების დროს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 5 სხვადასხვა კონტინენტზე.

ფრიცისთვის დიდი სიხარული იყო სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან კავშირების დამყარება, მათგან სწავლა და ერთად ცხოვრების გამოცდა. ამ კავშირების სიძლიერე გამოჩნდა ფრიცის დაღუპვის შემდეგაც, ფრიცის სახსოვრად სანთლები დაინთო და ცრემლები დღემდე იღვრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ფრიცს სწამდა ყოველი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის, ადამიანური ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და თითეული ადამიანის პოტენციალის, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთგაგების ხიდების შექმნა, ფრიცის დატოვებული ხიდები კი იზრდება და ვითარდება მისი დაღუპვის შემდეგად.

ფრიცი მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებსა და გონებაში. სანამ მისი დაღუპვის მძიმე გარემოებების იარებს ვიშუშებთ, გვსურს პატივი ვცეთ მის დამოკიდებულებას აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართ. ახლა როდესაც სასამართლო ვერდიქტი დადგა და განაჩენი გამოტანილია, ჩვენი სურვილია დამნაშავეს ხელი მიუწვდებოდეს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფრიცი სხვებისთვის ქმნიდა: მხარდაჭერა ხანგრძლივი პირადი ცვლილებებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ, ოჯახურ და გლობალურ ჭრილში აისახება.

ვიმედოვნებთ, რომ გასამართლებულის ოჯახს არ დაეკისრება მისი დანაშაულის ტვირთი და მიეცემა შესაძლებლობა, განაგრძოს მნიშვნელოვანი დროის გატარება საყვარელ ადამიანთან. როგორც ფრიცის ოჯახს, გვსურს განვაგრძოთ სვლა მშვიდობის, ურთიერთგაგების და იმედის გზაზე; ჩვენ გვწამს ადამიანის შეუპოვარი სულის და თითოეული ჩვენგანის უნარის შევქმნათ მეტად სამართლიანი, სიყვარულით სავსე და იმედისმომცემი სამყარო. ვიმედოვნებთ, რომ მოგზაურობა რომელსაც ახლა გასამართლებულის ოჯახთან ვიზიარებთ, ხელს შეუწყობს სამყაროს ამგვარ ხედვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ ჭინჭარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშიმერია ძველი თბილისის ნაწილის იჯარით გადაცემას გეგმავს?
შემდეგი სტატია(VIDEO) დავით ნარმანია: მერიაში კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ლიკვიდაცია იგეგმება