,, ამ ეტაპისთვის ხის გადარგვის სამუშაოების შეჩერებას საჭიროდ არ ვთვლი”

შეხვედრის დროს კამათი იურისტებს შორის იყო ის, არის თუ არა საჭირო ნებართვა ხის გადარგვის სამუშაოების ჩატარებისთვის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და “პარტიზან მებღეებთან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ თვლის საჭიროდ ხის გადარგვის სამუშაოები შეჩერდეს, რადგან კომპანია “ზიმო” ციხისძირში სამუშაოებს კანონის დაცვით ახორციელებს. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვას საბოლოოდ, შესაბამისი უწყება გასცემს პასუხს.

“პოზიციები და მოსაზრებები განსხვავებული გვაქვს. დეპუტატები ითხოვდნენ სამუშაოს წარმოების შესახებ ნებართვები ყოფილიყო. იყო დავა გრძელვადიანი, თუ რა ნებართვებია საჭირო. კანონით გათვალისწინებულ ნებართვებს შორის ხის გადარგვის სამუშაოები არ ითვალისწინებს რაიმე ნებართვას. თავად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ხე, როგორც მოძრავი ქონება გაიყიდა. შესაბამისად, მისი ამორგვა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების უფლება კომპანია “ზიმოს” აქვს. კომპანიას აქვს ნებართვა რკინიგზის დეპარტამენტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კერძო კომპანიისგან, რომელიც იქ მიწას ფლობს. ყველა დოკუმენტაციას ორი დღის ვადაში მოვუყრით თავს და გავუგზავნით მათ. ამ ეტაპისთვის არ ვთვლი საჭიროდ, ხის გადარგვის სამუშაოების შეჩერებას. ყველა პროცესი არის სამართლებრივად გამართული. ეს არის როგორც ხელშეკრულების მეორე მხარის პოზიცია”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მისივე თქმით, “პატიზანი მებაღეების” მოთხოვნა, საქმეში საერთაშორისო ექსპერტის ჩართვის შესახებ მისი მხრიდან ვერ დაკმაყოფილდება, რადგან ხის გადარგვისა და გახარების პასუხისმგებლობის ტვირთი მეორე მხარეს, კომპანია “ზიმოს” აქვს.

“ქალბატონმა ნატა ფერაძემ ითხოვა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა იქიდან გამომდინარე, რომ ხის გადარგვა ჩვენს ქვეყანაში პირველად ხდება. მან ითხოვა ორი კვირა იტალიელი ექსპერტების მიერ საქმის შესწავლისთვის. ეს წმინდა მორალური მხარეა და არ შეიცავს სამართლებრივ ასპექტებს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ სამუშაოების ჩატარებას. მთლიანი ტვირთი და პასუხისმგებლობა ხის გადარგვისა და გახარების კუთხით აქვს კომპანია “ზიმოს”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

შევედრა დახურულ კარს მიღმა სამ საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშითანამედროვე ცივილიზებული სამყარო ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ესაა ისლამური სახელმწიფო და რუსეთი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა