ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ

ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს საერთაშორისო სემინარის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ის განათლების ყოფილ მინისტრთან ერთად აპირებს, რომ ჩაატაროს სანიმუშო გადაბარება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ტრაგედიასთან არის დაკავშირებული და ის აპირებს, რომ ეს მითი დაამსხვრიოს.

„ჩვენი საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ყოველთვის კავშირშია რაღაც ლამის ანტაგონიზმთან. ჩვენმა წინამორბედებმა ადრე შექმნეს ასეთი მითი, რომ როცა მინისტრი იცვლება, ეს არის ტრაგედია და ხანდახან მედიაც ასე აშუქებს. ჩვენ ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ. ეს აბსოლუტურად ჰარმონიული პროცესია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ყველას დავანახოთ, რომ ეს გადაბარება იქნება ძალიან კონსტრუქციული. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აშენდა აქამდე და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განვითარების მიმართულება და ასევე უმაღლესი განათლება.

„სასკოლო განათლების განვითარების მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, თუდაც იგივე მასწავლებელთა განვითარების, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ვფიქრობ, გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ რეგიონში მოწინავე მომწოდებელი უმაღლესი განათლების”, – განაცხადა განათლების მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებებს არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში არ გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი სიბაშვილი: „სანიკიძე განათლების კი არა, ცრუ დაპირებების მინისტრი იყო!“