ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლების სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 250-მდე ადამიანი დატოვებს

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მინისტრმა უწყებაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრებში არსებული იურისტების განახევრება იგეგმება. ჯეჯელავას თქმით, რესურსცენტრების 73 რაიონულ განყოფილებაში თითო იურისტი ჰყავდათ და რეორგანიზაციის შედეგად 36-37 იურისტი დარჩება.
„რესურს-ცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ. ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში სკოლებში ინტერნეტ სპეციალისტების მუშაობის ნაცვლად ინტერნეტ კომპანიების მომსახურეობა შეისყიდონ. იგივე ისაუბრა მან პროფორიენტაციის გუნდზე.
„გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციასაც არ გამორიცხავს. „იქიდან დავიწყებ პირველ რიგში, რადგან არასწორი იქნებოდა ხელი გვეხლო რომელიმე სხვა სამსახურისთვის ისე, რომ ჩვენ თავს გავფრთხილებოდით. განათლების ხარისხთან დაკავშირებულ სამსახურებში კი განათლების თანამშრომლების რაოდენობა და ხელფასებიც მოიმატებს“, – განაცხადა მინისტრმა.
საერთო ჯამში, ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 200-250-მდე ადამიანი დატოვებს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ლარწაღებული რუსს ეჭიდებოდაო
შემდეგი სტატიაISIS-მა თურქულ არმიას სერიოზული დარტყმები მიაყენა