ალექსანდრე ბარამიძე – ათწლეულების განმავლობაში პოლიციასთან თანამშრომლობა სამარცხვინოდ ითვლებოდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი ტრადიცია, როცა სამართლდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა სამარცხვინო საქმედ ითვლება.
ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ყურადღება ბარამიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის წარდგენისას გაამახვილა.

“დღევანდელი ცვლილებები რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი, იქნებოდა ვითარება, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის შემსწრე პირისგან რაიმე ინფორმაციის მოპოვების არავითარი ბერკეტი არ ექნებოდა – პირი ჩვენებას ნებაყოფლობით თუ მისცემდა, ხომ კარგი, თუ არა და არავითარი სხვა საშუალება არ იქნებოდა. როდესაც კანონმდებლობაზე მუშაობ, მხედველობაში უნდა მიიღო ქვეყნის კონტექსტი, ტრადიციები – ზოგჯერ კარგი და ზოგჯერ, არც თუ კარგი. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყნაში, სადაც პოლიციასთან და ზოგადად, სამართლდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა ათწლეულების განმავლობაში სამარცხვინოდ, დასაძრახ საქმედ ითვლებოდა. რა ერქვა ამას ქუჩის ენაზე, საკანონმდებლო ორგანოში არ გავიმეორებ, მაგრამ კარგი რამე არ ერქვა. ეს ტრადიცია საბედნიეროდ ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბოლომდეა აღმოფხვრილი. სტატისტიკა და საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაცია სხვა რამეზე მეტყველებს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ბარამიძის განმარტებით, არის ცალკეული სისხლის სამართლის საქმეები, როდესაც საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიცემა არავის სურს.

“როდესაც რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობა ნულის ტოლია, ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მოიპოვოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანომ. მტკიცებულებები მხოლოდ მოწმის ჩვენებით და ადამიანის მიერ მიცემული ინფორმაციით არ ამოიწურება, მაგრამ ცოცხალი ადამიანის ჩვენება და მის მიერ მიცემული ინფორმაცია, სხვა რამ არის. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებისთვის მთლიანად მოსპობა შესაძლებლობისა, რომ როდესაც ვიღაცას ინფორმაციის ნებაყოფლობით მიცემა არ უნდა, მისგან ინფორმაცია იძულების წესით, ოღონდ სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით იყოს მოპოვებული, ამის გამორიცხვა ძალიან სარისკო იქნებოდა”, – განაცხადა ბარამიძემ.

მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ერთის მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება – როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე პენსიების ზრდას სამარცხვინოს უწოდებს
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუცია განიხილეს