ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კვლევით ჩანს, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კვლევით ჩანს, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

,,რას ნიშნავს ამ კვლევის შედეგები: 1. კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც მხოლოდ ჩემი კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან ოფიციალურად კანდიდატურაც არ მქონდა გაცხადებული – შესაბამისად, მე-2 ადგილი არ არის ცუდი დასაწყისი; 2. ეს შედეგი ბუნებრივია არ არის საკმარისი, მე არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვირჯები, არამედ იმისთვის, რომ ხალხის დახმარებით გავიმარჯვოთ და თბილისელების პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ; 3. ერთი რამ, რაც ნათელია ამ კვლევიდან – იქნება მეორე ტური; 4. ოპოზიციური ხმები ჯამში გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლების. ეს აჩვენებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხს და რამდენად წარმოდგენა არ აქვთ რა უჭირთ უბრალო თბილისელებს და რა პრობლემებით ცხოვრობენ. სულ რაღაც რამდენიმე წლის თავზე ხალხი აჩვენებს, რომ მათ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქალაქის და ქვეყნის ყურება. ახლა მთავარია, რომ თითოეულმა თბილისელმა ბოლომდე ირწმუნოს, რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ და შევცვალოთ ვითარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. შეკითხვაზე “ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 30% “ქართული ოცნების” კახა კალაძეს უჭერს მხარს, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ხოლო 18% – “ნაციონალური მოძრაობის” ზაალ უდუმაშვილს.

“ევროპული საქართველოს” ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს 3%-3% ერგოთ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიასტუ – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 18 ფაკულტეტი და 2000-მდე სტუდენტი