ალეკო ელისაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის პირდაპირი მინიშნება ნარმანიას იმპიჩმენტზე

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის პირდაპირი მინიშნება ნარმანიას იმპიჩმენტზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა.

“კულისები არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს იღებენ “რესპუბლიკურ პარტიაში” ან “ქართულ ოცნებაში”, თუმცა, ზუსტად ასე აღვიქვი და ნამდვილად ღირსია ნარმანია იმპიჩმენტის, თუნდაც ამ განცხადების გამო. დარწმუნებული ვარ, საკრებულოს უმრავლესობაც შეურაცხყოფილი იქნება ნარმანიას ამ განცხადებით. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, არა თბილისის მერის, არამედ საკრებულოს გადასაწყვეტია, რამდენჯერ და როდის მოვა თბილისის მერი საკრებულოში. ნარმანიამ შეურაცხყოფა მოგვაყენა მთელ საკრებულოს და შესაბამისად, მთელ თბილისს. აშკარა იყო პარლამენტის თავმჯდომარის მინიშნება იმპიჩმენტთან დაკავშირებით”,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატების 17 ხმაა საჭირო, რათა დედაქალაქის მერი დაიბარონ. ელისაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს “რესპუბლიკური ფრაქციის” წარმომადგენლები ჭოჭმანობდნენ აქამდე, თუმცა უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ისინი შეუერთდებიან საკრებულოში დავით ნარმანიას დაბარების მოთხოვნას.

თბილისის მერმა დავით ნარმანია გუშინ განაცხადა, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისასვლელად გამონაკლისს არ დაუშვებს. მისი თქმით, საკრებულოში აუცილებლად მივა, ოღონდ დეკემბერში, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ თუ დავით ნარმანია საკრებულოში არ მივა, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიგორში საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაძლიერმა სეტყვამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები დააზარალა