“ახლო მომავალში გახდება ცნობილი, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულები”

საზოგადოებისთვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულები. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი აცხადებს.

ლევან იზორიას თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა.

მისი განმარტებით, ყველა კითხვას პასუხს სასამართლო გასცემს.

“როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამის აბსოლუტური ნდობა მაქვს, რადგან აქ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე. რა კავშირები და საიდან იღებდნენ დავალებებს, ამის შესახებ ახლო მომავალში გაიგებს საზოგადოება”, – განაცხადა იზორიამ.

სუს-ის ცნობით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ. მინდია ვ. ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. ამასთან, საქმის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

banner
წინა სტატიაში“ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია – “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” 35.9 – “ნაციონალური მოძრაობა” 34.2 – GFK კვლევის შედეგებს აქვეყნებს