ახალი წელი ჩვენთან არ მოვა… ის შუშის სასახლეში მიდის

სად მოდის ახალი წელი და როგორ ხვდება საქართველო მას… რითი ეგება ქვეყანა, რომელიც ჩვენი გვგონია და სინამდვილეში სხვისია, ახალ – 2017 წელს?
რითი და…
-მილიარდერისა და მისი ხელდასმულების რესურსებით მობილიზებული 47%-ანი მხარდაჭერით უზურპირებული ხელისუფლებით
-პრემიებს დახარბებული დილეტანტი მთავრობითა და მონურად მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობით
-აბსურდამდე დაკნინებული პრეზიდენტის ინსტიტუტით
-ნეპოტიზმით, კორუფციითა და განუკითხაობით ,,დასაქმებული,, ადგილობრივი მართვის ორგანოებით
-დაშლილი, დაქსასული ოპოზიციითა და ოპოზიციად წოდებული მართული პარტიებით
-დიქტატს დაქვემდებარებული სასამართლოებით
-ხელისუფლების მიერ ნაყიდი და სასამართლოების მიერ ტერორიზირებული ნაციონალური მედიით
-გადაშენებული უცხოური ინვესტიციებით
-სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკით
-ტოტალური უმუშევრობით
-გამეფებული სიღარიბით
– ხელისუფლების ჯიბის გასასქელებლად გამოგონილი რეფორმების შედეგად კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრებით
-უზომოდ გამდიდრებული ბანკირებით და გაბანკროტებული ბანკის კლიენტებით
-გაფარჩაკებული, ბღუჯა ლარით
-დაზღვევა გამოცლილი ჯანდაცვით
-ზღაპრებზე დაგეშილი განათლების მინისტრით და გაუგებარი განათლების სისტემით
– იგნორირებული მეცნიერებითა და ქვეყნიდან გაქცეული ინტელექტუალური ფონდით
-ლეღვის ფოთლად აფარებული ნახლებნიკური ინტელიგენციითა და პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფილი სპორტული საზოგადოებით
-ოქროზე დახურდავებული ისტორიული ფასეულობებითა და შაბაშნიკური კულტურით
-მტერ-მოყვარისთვის გაუგებარი საგარეო ორიენტირებით
-ბედის ანაბარად მიტოვებული ოკუპირებული ტერიტორიებითა და რუსეთთან წარმოებული პარდონული პოლიტიკით
-უფასო ხვნა-თესვით გაბითურებული გლეხებითა და პენსიადაქვეითებული მოხუცებით
-ქუჩის სიცივეში გათოშილი მათხოვრებითა და სოციალურ შემწეობაზე მყოფი დამშეულებით
-უსახსრობის გამო ქვეყნიდან დედაგაქცეული ბავშვებით და იმავე მიზეზით საავადმყოფოში დატოვებული ჩვილებით
-ოპტიმიზაციის მოტივით უსამსახუროდ დატოვებული ათასობით პოლიციელითა და სამხედროთი
-გაცრუებული იმედებით, ნიჰილიზმითა და პესიმიზმით
-ღარიბული სუფრითა და მოკრძალებული სურვილებით.
ასე და ამ განწყობით ხვდება ჩვენი ქვეყანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ 2017 წელს… ასეთი დახვედრა კი – ახალ წელს არ უყვარს!!! ამიტომაც ახალი წელი ჩვენთან არ მოვა… ის შუშის სასახლეში მიდის! მიდის, რადგან იქ – ხვავი, ბარაქა, მომავლის იმედი, მხიარულება, მდიდრული სუფრა და ბევრი ძვირფასი საჩუქარი ელოდება… ყველაფერი ის, რაც ახალ წელს უყვარს და ამშვენებს.
P.S. ბოდიშს ვუხდი მკითხველთა იმ კატეგორიას, ვისაც ჩემს წერილში მოყვანილი შეფასებები წინასაახალწლოდ დაზაფრავს… ვისაც ისე არ უჭირს, როგორც იმ ადამიანებს, ვის მოსაზრებასაც ეს წერილი გამოხატავს! ახალ წელს გილოცავთ!

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაში(video) იაპონიაში ტუალეტის გამოსაყენებლად ვიდეოინსტრუქია გამოუშვეს ტურისტებისთვის
შემდეგი სტატიაშსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა