“ახალი მემარჯვენეები”, გიორგი ვაშაძე და “გირჩი” საარჩევნო ბლოკს ქმნიან

53540_cover_bთბილისში ახალი საარჩევნო ბლოკის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეები მანდატებისთვის ერთად იბრძოლებენ. 

გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკური ბლოკი სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება: პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი.

„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი პრობლემაა, პრობლემებია უმუშევრობის კუთხით, გაჭირვებაა, უპერსპექტივობა, იმედგაცრუება, უუნარო ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ხედვა, გეგმა, არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ ვქმნით ახალ პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შესძინოს ქვეყანას, ჩვენ გთავაზობთ არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის, წარსულ უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალების გუნდს, “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თანამოაზრეების გარეშე რთულია იმ გამოწვევების გამკლავება, რაც ქვეყანაშია. მისივ თქმით, ეს გამოწვევები არის მძაფრი, ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში ახალი არჩევანის გაჩენის აუცილებლობა.

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად ჩაიწერება, როგორც მნიშვნელოვანი დღე.

“ახალი არჩევანი არის გზა მშვიდობიანი განვითარებისკენ, გზა ეკონიმიკური ზრდისკენ და გზა მეტი თავისუფლებისკენ,”- განაცხადა კაციტაძემ.

„მთავარი მოტივაცია ამ ეტაპზე, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, არის ის, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ დიდი რაოდენობით დასავლური ორიენტაციის პარტიები, რათა არ მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემოტევაა სტალინისტების, სოციალისტების, საბჭოთა კავშირის მომხრეების, პრორუსების და ასე შემდეგ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით,რ ომ ჩვენი პრიორიტეტი არის დასავლური ორიენტაცია. „- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კითხვაზე ყოფილ “ნაციონალებთან” ალიანსში ყოფნასთან დაკავშირებით, “ახალი მემარჯვენეების” მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ეს ახლა აქტუალური თემა აღარ არის.

„ყოფილ “ნაციონალებს” ვხედავთ, როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, ისე სხვადასხვა პარტიებში. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, ვისაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, აქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენ, ისევე როგორც, ძალიან კარგია, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს „ქართული ოცნებისთვის“, სხვა პოლიტიკური ძალებისთვის”,- ამბობს მანანა ნაჭყებია.

იყო თუ არა შეთავაზება სხვა პროდასავლურ პარტიებთან, იგივე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ კოალიციურ ფორმატთან დაკავშირებით, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ მათ თანამშრომლობა შესთავაზეს ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ ორმა პარტიამ – „გირჩმა“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ გამოთქვა ბლოკის შემქნის სურვილი.

„ბლოკის კარი ღია, დღეს მართლაც აუცილებელია დასავლური ძალების განლაგება ერთ ფლანგზე, რათა ამომრჩეველს გავუადვილოთ ამ მიმართულებით არჩევანი. მე ვფიქრობ, ამ ტიპის ბლოკის ამომრჩევლები არიან ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათთვის მიუღებელია ეს პოლიტიკური ძალა, მაგრამ ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ დაპირებების მიმართ. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი სეგმენტია, თუ გავითვლისწინებთ, რომ ამომრჩეველთან 57 % ჩამოუყალიბებელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბლოკი კიდევ გამსხვილდეს“ – ამბობს მანანა ნაჭყებია.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია თავდაცვის უწყებაში რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციას გეგმავს
შემდეგი სტატიაოდესაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი „ხუტუ“ დააკავეს