“ახალგაზრდა ნაციონალისტების” სასამართლო პროცესი – წინასწარი ინფორმაციით, ბრალდება პატიმრობას ითხოვს

ახალგაზრდა ნაციონალისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ხმაურიანი აქციის დროს დააკავა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

ადვოკატის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება სავარაუდოდ 11-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობას მოითხოვს.

მოსამართლემ სასამართლო სხდომა დახურა, გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული 11 პირიდან 7 არასრულწლოვანია.

პროკურატურა გარდა ხულიგნობისა, ახალგაზრდებს რასობრივი დისკრიმინაციის მესამე ნაწილს ედავება, რაც ადვოკატების თქმით, ესეც ასევე მძიმე მუხლია. ისიც ხულიგნობის მსგავსად ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ისინი აცხადებენ, რომ არ მომხდარა ინტერნეტ კაფის დაზიანება და შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა მომხდარს გადაჭარბებულად აფასებს. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მომხდარი მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეიძლება იქნას განხილული.

„ძირითადად 11 პირიდან 7 არასრულწლოვანია. ახალგაზრდების გულწრფელი, პატრიოტული, ემოციური განწყობა არ უნდა იქნას ხელისუფლების მიერ გამოყენებული იმისათვის, რომ დაანახონ ვიღაცეებს, რომ ჩვენ საერთაშორისო ნორმებს ვიცავთ,“ – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

რა მტკიცებულებები დევს რასობრივი დისკრიმინაციისა და ჯგუფური ხულიგნობის საქმეში, ჯერჯერობით უცნობია. საქმის პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი, პირველი ლედი და პატრიარქი რომის პაპს აეროპორტში დახვდებიან