აგვისტოს ომის საიდუმლო ვერსიები

teftiრა რეპორტები გაიგზავნა თბილისიდან თეთრ სახლში და რისთვის აწყობდა კრემლს საქართველოს ოკუპაცია

 

ფაქტები, რომლის შესახებაც „თიმერისთვის“ ხდება ცნობილი, შეიძლება, ერთი შეხედვით, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, მაგრამ თუ გვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებს სწავლობს, ამასთან ერთად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფლი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციური ფლანგის ლოკომოტივი ხდება, ეს ყველაფერი, შესაძლოა, ძალიან მალე აქტუალური გახდეს. მოკლედ, „თაიმერს“ ინფრომატორი აგვისტოს მოვლენებზე უყვება და საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი საიდუმლო წერილების შინაარსს აცნობს, რომლებიც 2008 წლის 7, 8, 9 და 12 აგვისტოთია დათარიღებული.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, 2008 წლის 8 აგვისტოს  ჯონ ტეფტმა თეთრ სახლში რაპორტი გაგზავნო, რომელშიც ნათქვამია:

„…8 აგვისტოს შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის საუბარი ელჩთან და, ასევე, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის ბრიფინგი დიპკორპუსისთვის, სადაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო ახლა აკონტროლებს ცხინვალსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჩრდილოეთით, ჯავის მიდამოებში. მათივე ცნობით, რუსეთის თვითმფრინავები ბომბავენ რამდენიმე სამიზნეს საქართველოში, კონფლიქტის ზონის გარეთ, გორის ცენტშრი, ორ ადგილას და ქარელის პოლიციასთან.

არსებობს საქართველოს განცხადება, რომ ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავი.

სააკაშვილმა გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყევტილება 8 აგვისტოს, 19:00 საათამდე. მან მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „დაეხმარონ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.“ მან თქვა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მოაწყვეს პროვოცირება.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე ქართველები აკონტროლებენ 75 პროცენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის, ცხინვალსა და მის გარშემო 11 სოფელს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიწევენ როკის გვირაბისკენ, რაც ჩვენთვის არ არის ნათელი. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ მოითხოვა 1000 მებრძოლის ერაყიდან საქართველოში დაბრუნება, 72 საათის განმავლობაში.

სააკაშვილმა უთხრა ელჩს, რომ ის იმყოფებოდა გორში, ქალაქის ცენტრში ბომბის დაცემისას. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სჯეროდა, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო კოკოითმა, სააკაშვილი ახლა შეშფოთებულია, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო რუსეთისთვის საბაბი კონფლიქტში ჩასართავად…

ბრძოლა – შეიარაღებული დაპირისპირება ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაიწყო 7 აგვისტოს, ღამით, ოთხი მოკლე დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტის გასროლით რუსეთის სამშვიდობოების მისამართით, ცხინვალში.

ეუთო-ს დამკვირვებლებმა, ადგილზე, ცხინვალში, განაცხადეს, რომ თავდასხმა ცხინვალზე დაიწყო 7 აგვიტოს, 23:35 საათზე. ქართველებმა გამოიყენეს დიდი კალიბრის ნაღმტყორცნები და „გრადის“ საარტილერიო დანადგარები. 1 საათის განმავლობაში, ცხინვალში, მინიმუმ, 100 ასეთი ბომბი ჩამოვარდა. ზოგიერთმა მათგანმა დააზიანა ეუთო-ს ოფისი… ოფისს არ მიეწოდება ელექტროენერგია“.

მეორე რაპორტი, როგორც ჩვენი წყარo გვეუბნება, ჯონ ტეფტმა თეთრ სახლს 9 აგვისტოს გაუგზავნა და მისი შინაარსი ასეთია:

„თავდაცვის სამინისტროს ბაზები, აეროპორტები და ფოთის პორტი დაიბომბა რუსული თვითმფრიავებით. დაბომბვა გრძელდებოდა 9 აგვისტოს დილითაც, სამოქალაქო სამიზნეებზე, ქალაქ გორში. არის მსხვერპლი. ნათელია, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი იზრდება. არსებობს ათობით დაღუპული სენაკსა და ფოთში. ევაკუირებულია ზოგიერთი სამთავრობო შენობა თბილისში. დაბომბვამ გამოიწვია შიში და პანიკა ქართულ მოსახლეობაში. დაბომბვა გაგრძელდა საარტილერიო საშუალებებიდან ცხინვალის მახლობლად. აფხაზეთის ხელისუფლებამ სთხოვა ეუთო-ს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი დამკვირვებლები კოდორის ხეობიდან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ელჩთან, დილით, საუბრისას თქვა, რომ რუსებს სურთ საქართველოს სრულად აღება და ახალი რეჟიმის დამყარება. სააკაშვილი შიშობს, რომ რუსეთი არასოდეს დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე. სააკაშვილსა და საქართველოს ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მთელი ეს სამხედრო ოპერაცია პუტინს სურს რეჟიმის შესაცვლელად. სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ძალები თავს დაესხნენ ცხინვალს და ქართული ჯარები ეწინააღმდეგებიან მათ.

ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ 9 აგვისტოს, დილით, 06:00 საათზე, დაიწყო ქართული არტილერიის დაბომბვა ცხინვალზე, რასაც ქალაქში მძიმე შედეგი მოჰყვა. სამშვიდობოების მეთაურის ინფორმაციით, ათი რუსი სამშვიდობოა დაღუპული და სხვები დაიჭრნენ. 8 აგვისტოს, 11 საათზე იბომბება ცხინვალი ქართული თვითმფრინავებით. ეუთო-ს დამკვირვებლების თქმით, 8 აგვისტოს, 15 საათისთვის, ქათულმა ჯარმა დატოვა ცხინვალი.

რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ, რუსლან აბაშიძემ განუცხადა ელჩს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება იგივეა, რაც 8 აგვისტოს იყო. მას სჯერა, რომ ქართული ძალები აკონტროლებენ ცხინვალს და მიმდებარე სოფლებს.

…საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ ან არ მოხერხდა.

8-9 აგვისტოს დამბომბვები მოიცავს:

ვაზიანში, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე მობილიზებულ რეზერვისტთა შენობებს. დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ რეზერვისტები.

სენაკის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმისას, მე-2 ბრიგადაში, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, 20 დაიღუპა.

ფოთის პორტის სანაპირო დაცვის სადგურის დაბომბვისას, მინიმუმ, 15 ადამიანი დაიღუპა.

დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, სადაც განთავსებული იყო `სუ-25~ და `ან-2~ თვითმფრინავები.

მარნეულის საავიაციო ბაზა მესამედ დაიბომბა.

დაიბომბა ზემო კოდორი.

9 აგვისტოს, შუადღისას, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები ქალაქ გორში. არის ასობით მსხვერპლი.“

ჯონ ტეფტის მესამე რაპორტი კი თეთრ სახლში, წყაროს მონაცემებით, 12 აგვისტოს იგზავნება:

„…თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ჯარი მოქმედებს პროპორციული საფრთხის მიხედვით. საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის თქმით, იაკობაშვილსა და ჩოჩიევს შორის შეხვედრა ჩავარდა კოკოითის მიზეზით, რომელმაც „დაბლოკა“ ეს შეხვედრა, თუმცა ეუთო-ს ცნობით, 7 აგვისტოს, საღამოს საათებში, იაკობაშვილი იმყოფებოდა რუსეთის სამშვიდობოების შტაბში, სადაც შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს, იური პოპოვს. შეხვედრას ესწრებოდა ეუთო-ს წარმომადგენელიც. აშშ-ის ელჩმა მოუწოდა საქართველოს მხარეს, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა განიმუხტოს სიტუაცია“.

„თაიმერის“ წყარო ამბობს, რომ ეს რაპორტები თავის დროზე „ვიკილიქსმა“ გაასაჯაროვა და მათ ავთენტურობასაც ეჭქვეშ არც აშშ აყენებს და არც – ევროპული ქვეყნების მთავრობები.

„2008 წლის 6, 7 და 8 აგვისტოს ტეფტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საიდუმლო წერილებს უგზავნიდა, რომლებშიც საუბარი ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზეა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველსავე დღეს დაიწყო… „ვიკილიქსის“ ამ დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული თეზა, რომ საქართველომ შეიარაღებული კონფლიქტი აშშ-ის საელჩოსა და, მეტიც, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბუშის უშუალო წაქეზებით დაიწყო, ტყუილია. ეს დოკუმენტაცია საპირისპიროს ამტკიცებს და ტეფტის მიერ თბილისიდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილებიდან ნათლად ჩანს შეშფოთება და საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, რომ კონფლიქტის ზონაში სამხედრო შეიარაღებული ძალების გადაადგილებისგან თავი შეეკავებინა. ამ თეზის დამკვიდრებას კრემლი იმიტომ ცდილობს, რომ მოსახლეობის თვალში აშშ მილიტარისტულ სახელმწიფოდ გამოჩნდეს და ე.წ. დასავლური პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმი გაჩნდეს,“ – მიიჩნევს ჩვენი წყარო.

რაც შეეხება „ატიპიურ ბრძოლებს“, რაზეც ტეფტის რაპორტშია ლაპარაკი, წყაროს თქმით, „ატიპიური ბრძოლა“ დიპლომატიური ტერმინია: „დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე, გრიგოლ ვაშაძე ტეფტს ესაუბრა და განუცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან ქართულ სოფლებზე – ნულზე, დმენისსა და ავნევზე ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან თავდასხმას. ამასთან, ვაშაძე მძიმე საარტილერიო ცეცხლსაც ახსენებს, მაგრამ როგორც ჩანს, აშშ-ის საელჩომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და ტეფტის საიდუმლო წერილში პირდაპირ მიანიშნებს, საარტილერიო სროლები არ დასტურდება, თუმცა რამდენიმე სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრა დადასტურდაო. ასეა თუ ისე, ამ კონფლიქტის დაწყება, პირველ რიგში, რუსეთს აწყობდა, რათა მსოფლიოსთვის თავისი აგრესიული პოლიტიკა დაენახვებინა და ისიც ეჩვენებინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღსადგენად უკან არაფერზე დაიხევდა. დიახ, აგვისტოს ომი რუსეთს იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავისი სამხედრო მანქანა აემუშავებინა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მკაცრი პოლიტიკა ეწარმოებინა. სხვათა შორის, ე.წ. გამაღიზიანებლად კრემლმა, ვთქვათ, ყარაბაღი კი არა, საქართველო შეარჩია იმიტომ, რომ იქ ერთმანეთს შეიძლება, ქრისტიანული და მუსულმანური სამყარო დატაკებოდა, რასაც თურქეთთან გართულება მოჰყვებოდა.“

„თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს ხაზს იმასაც უსვამს, რომ აგვისტოს ომით მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყო: „ეს ომი წყალგამყოფი იყო, რითიც მსოფლიოს ის წესრიგი დაირღვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ე.წ. იალტის კონფერენციაზე დადგინდა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებით, წითელი ხაზები იქნა გადაკვეთილი, რასაც რუსეთის მხრიდან ახლა უკვე ყირიმის მიერთება მოჰყვა… სხვათა შორის, ტეფტის საიდუმლო მიმოწერა ერთი-ერთზე ეთხვევა ე.წ. ტალიავინის დასკვნას, ანუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ მხარეს აფრთხილებდა, რომ თუკი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე პასუხი იყო გასაცემი, მართლზომიერად ეპასუხა, თუმცა ქართველი მაღალჩინოსნები, მაგალითად ბათუ ქუთელია და სხვები ტეფტს ცალსახად ეუბნებოდნენ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის 75 პროცენტს ვაკონტროლებთ, ასევე, ცხინვალსა და მის მიმდებარე 11 ქართულ სოფელსო, მაგრამ ამერიკულმა დაზვერვამ კარგად იმუშავა, რაც ტეფტის წერილებიდანაც ჩანს…“

ჩვენი ინფორმატორი აგვისტოს ომის წინაპერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ რუსეთის 58-ე არმიის მომზადებას, რომელიც აგვისტოს ომამდე, თვენახევრის განმავლობაში, ჩრდილოკავკასიაში წვრთნებს გადიოდა, ძალიან დიდი თანხა დასჭირდებოდა: „ეს ხარჯები კრემლს უღირდა, რადგან რუსეთმა, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისი საჰაერო სისტემები განათავსა და ამით მთელი კავკასიის საჰაერო სივრცე გადაკეტა, ანუ დღეს რუსულ მხარეს ნებისმიერი საჰაერო აპარატის გადაადგილებაზე ამომწურავი ინფორმაცია აქვს. აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგიც სწორედ ესაა, რაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.“

ბერდია კალანდია 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „კინო გრძელდება, მთავარი რეჟისორისგან სიუჟეტისა და სცენარის შეცვლა მოსალოდნელი არაა!“
შემდეგი სტატიაიდეა, რომლის გამოც ლენინი საფლავში გადატრიალდებოდა