ადვოკატი: შესაძლოა, მამა გიორგის მიერ გამოძიებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გამომძიებლების მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასულიერო პირის დაკითხვის გარეშე წამოსვლის ფაქტს აკრიტიკებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამომძიებლები დაკავებულს გუშინვე დაკითხავდნენ, არანაირი პროცესუალური ნორმის დარღვევა არ მოხდებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, უქმე დღეების გავსლის შემდეგ, ორშაბათსაც არ დაკითხონ.

„დაცვის მხარეს და პირველ რიგში, მამა გიორგი მამალაძეს აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ის დაკითხულიყო. პროცესუალური ნორმების დარღვევას ვერ ვხედავ. პროცედურა 18:00 საათისთვის დამთავრდა და თავისუფლად შესაძლებელი იყო, 22:00 საათამდე ის დაკითხულიყო.

გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ეჭვი იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, ამ შაბათ-კვირას, როცა ჩვენ დაცვის მხარე, ვერ მოვახერხებთ მასთან შესვლას და მისი უსაფრთხოების ნახვას, ფსიქოლოგიური ან რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდეს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დაკავებულის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. მასთან გუშინ ხმის, ხელნაწერისა და დნმ-ის ნიმუშების ასაღებად, პროკურატურის გამომძიებლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიჩემს საკრებულოში მისვლას ვერ ეღირსებიან-დავით ნარმანია
შემდეგი სტატიაამერიკელი კონგრესმენი: არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას, რომელიც ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ჰქონდა ნაკისრი