ადვოკატი ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე: თუ ძიება მართლა ამ ვერსიაზე მიდის, შეიძლება სხვა პიროვნებებს ბრალი უფრო დაუმძიმონ

დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის გამზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის წინასასამართლო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება. დღეს დაცვის მხარის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.

ხუთი დაკავებულის საქმიდან არასრულწლოვნისა და ორი დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. დაცვის მხარის ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, მუშაობს თუ არა გამოძიება ე.წ. კანიბალიზმის ვერსიაზე.

„ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა, უცვლელი დარჩა. მას ბრალი არ დამძიმებია და სასამართლო ბოლომდე ამ მუხლით წავა. რაც შეეხება ე.წ. კანიბალიზმის ვერსიას, ეს ჩემთვის გაურკვეველია, სანამ მტკიცებულებებს არ გავეცნობი. თუ ძიება მართლა ამ ვერსიაზე მიდის, შეიძლება სხვა პიროვნებებს ბრალი უფრო დაუმძიმონ, მაგრამ ეს ჩემთვის უცნობია. როგორც წინა მასალებიდან ირკვევა, დაკავებულები იმ ეტაპზე ბრალს აღიარებდნენ, თუმცა ბრალდებულს თავისი ჩვენების შეცვლა ყოველთვის შეუძლია“, – განმარტა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატმა ქართლოს ვაშაკიძემ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებულის, დათა კვარაცხელიას ადვოკატ ნიკა ნადირაძის ინფორმაციით, დაკავებულებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს.

„პირველ წარდგენამდე ბრალდების მხარემ რა მასალებიც გადმოგვცა, მასში აღიარებითი ჩვენებები იყო. ოღონდ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალი ედებათ. გამოძიება კანიბალიზმის ვერსიაზე მუშაობს თუ არა, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ადვოკატმა ნიკა ნადირაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 იანვარს არის ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიბოკერია-უგულავას ფრთა ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია