ადმინისტრაციასთან დღეს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით “გადადექი! წადი მონასტერში!” გადაიდო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით “გადადექი! წადი მონასტერში!” გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაგდა გურული ავრცელებს. დღეისთვის აქციის გაუქმების მიზეზი, ერთი მხრივ, საპატრიარქოს განცხადება, მეორე მხრივ კი, შესაძლო პროვოკაციები გახდა.
“ადამიანებმა რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული თუნდაც ხანმოკლე არეულობით, წინააღმდეგობით, პროვოკაციებით, თავიანთ მოწოდებებში სრულიად შეცვალეს აქციის აზრი და რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციაში გაავრცელეს მათთვის სასურველი მესიჯი, თითქოს აქცია იმართება პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით. განსხვავებით ამ ადამიანებისგან, აქციის ორგანიზატორები არ არიან დაინტერესებული პროტესტით პროტესტისთვის, არც იმით, რომ აქციის რომელიმე მონაწილე, თუნდაც წინააღმდეგობის გასაწევად მოსული პროვოკატორი გახდეს ვერბალური ან/და ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი. ასევე ცნობილია, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრთხე იმისა, რომ სასულიერო ინსტიტუციას უკვე კანონით გაუფორმდება პატიმრების შეწყალების უფლება, ამ წუთში განეიტრალებულია თვითონ საპატრიარქოს მხრიდან, რაც, რასაკვირველია, მისასალმებელია და რის გამოც, აქციის ჩატარება მხოლოდ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების ინტერესებში რჩება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის გადადება. ჩვენ არ ვფიქრობ, რომ აქციის გადადება, მითუმეტეს, როცა სიტუაცია ასე თუ ისე განმუხტულია ამ მომენტისთვის ნიშნავს უკან დახევას. პირველი ნაბიჯი “შემხვედრი მიმართულებით” თვითონ საპატრიარქომ გადადგა, ამიტომ ვთვლით, რომ აქციაზე უარის თქმა შეიძლება იყოს ამ ინსტიტუციასთან მართალია დისტანციური, მაგრამ მაინც გარკვეული დადებითი კომუნიკაციის მაგალითი. იმედია, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ყველა ჩვენთაგანის მშვიდობიანი ბრძოლა ქვეყნის სეკულარული მოწყობის დასაცავად გაგრძელდება. მადლობას ვუხდით ყველას ვინც აპირებდა მოსვლას, ან იყო დაინტერესებული აქციით”, – აცხადებს გურული.
აქცია “გადადექი! წადი მონასტერში!” მთავრობის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების ინიციატივის განხილვის მზადყოფნა გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ერაყში ახალი სამხედრო დანაყოფის გაგზავნაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიამარუდოს პარტიამ ვენესუელაში არჩევნები წააგო