აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს, რიგგარეშე სხდომაზე 14 ხმით დამტკიცდა. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ საკანონმდებლო ორგანოს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა, რის შემდეგაც, დეპუტატებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეკითხვებით მიმართეს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ახალი სახეა – განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრთა პორტფელები შეინარჩუნეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ.

ზურაბ პატარაძის თქმით, მან მინისტრის თანამდებობებზე საუკეთესო მენეჯერები შეარჩია.

„მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, ის ეფექტური გუნდი, რომელიც დღეს ჩვენ წარვადგინეთ, თავიანთ თავს ღირსეულად და წარმატებით გამოავლენენ. დარწმუნებული ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ჩვენს რეგიონში. ეს არის ჩვენი ეკონომიკური მიმართულება, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის მიმართულება. ჯამში, ძალიან ბევრი პრიორიტეტი გვაქვს და ჩვენს გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

banner
წინა სტატიაშიამერიკაში ქართველი მხატვრებისთვის ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეებში 5 გამოფენა გამართა
შემდეგი სტატია“დღევანდელ გაუფასურებაში დიდი წვლილი სწორედ ლარიზაციის პროგრამას აქვს” -პაპავა