აბესაძის მხარდასაჭერად 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ქრთამის აღებაში ბრალდებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის მხარდამჭერ მანიფესტზე ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა:

“უკიდურესად შეშფოთებული ვართ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც დამძიმდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ოთარ აბესაძე, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას, არ შეუძლია, ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე.

ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გაფრთხილება, რაც ცივილური სახელმწიფოს უპირველეს ფასეულობას წარმოადგენს. გვჯერა, რომ საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, როგორც უზენაესი ფასეულობის დაცვაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვითხოვთ მის გირაოთი გათავისუფლებას”.

ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 12 ივლისს დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 14 ივლისს შეუფარდა.

ბრალდების მტკიცებით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი – მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში“ენმ” საქართველოს პრეზიდენტისგან სდსს-ის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯების გასაჯაროებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაNDI ხვალ კვლევის შედეგებს წარადგენს