სასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

news
: news თებერვალი 26, 2016 10:59

სასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახური დანაშაულისათვის ბრალდებული დ.ხ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მათივე ინფორმაციით, დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

“საქმის მასალების თანახმად, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც, ქალბატონმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, კერძოდ, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, მწვავე ჰემატომა შუბლის არეში და გულმკერდის დახურული ტრავმა.

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, დ.ხ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ცხრა სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16 და დაცვის 1 მოწმე.
“სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, – აცხადებენ სასამართლოში.

news
: news თებერვალი 26, 2016 10:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics