თამარ სანიკიძე და დავით ბაქრაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გარკვეული ჯგუფის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

მინისტრების განცხადებით, სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციების გავრცელება, ერთმნიშვნელოვნად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ამასთანავე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას და საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის პროექტს, იმ ერთადერთ დოკუმენტს, რომელზეც უწყება მუშაობს.

“გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საკითხებს, რომლებიც მოყვანილი იყო გავრცელებულ პეტიციაში, არანაირი კავშირი არ აქვთ იმ საგნის სტანდარტთან, რომელზეც სამინისტრო თვეების განმავლობაში მუშაობდა. მეტიც, მათი განცხადება წარმოადგენს ევროკავშირის და სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირ დისკრედიტაციას, რასაც სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საგნის შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე უცვლელად აქვეყნებს იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელიც საგნის სტანდარტშია ასახული. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება, განცხადებასთან ერთად, იმ ერთადერთ დოკუმენტს გაეცნოს, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავდა. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას რათა არ დარჩეს შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ეხება”, – აცხადებს თამარ სანიკიძე.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საგნის “მე და საზოგადოების” არსებობა მნიშვნელოვანია.

“ჩვენს რეალობაში საგნის “მე და საზოგადოების” არსებობა მნიშვნელოვანია. როგორც სტანდარტიდან ირკვევა, ეს საგანი, ერთის მხრივ, ეძღვნება ადამიანის პიროვნულ თავისუფლებებს, მეორეს მხრივ, მისი როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის უფლებებსა და მოვალეობებს. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული საგანი ადრეული ასაკიდანვე ისწავლებოდეს, რათა ჩვენი ბავშვები ოჯახისა და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბდნენ. მიმაჩნია რომ, ის თავდასხმა რაც განხორციელდა ევროპული ღირებულებების მიმართ, ერთმნიშვნელოვნად არასამართლიანი და არასწორია. ეფუძნებაოდა სიცრუეს და მიმართული იყო იმ ღირებულებების შეურაცყოფისკენ, რომლის თანაზიარიც საქართველოც არის. ალბათ, რთულია წარმოვიდგინოთ ჩვენი კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და ენის დაცვა იმაზე მეტად ვიდრე ეს ევროკავშირში შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, ეს კამპანია კატეგორიულად გაუმართლებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ საკითხში გაურკვევლობის გამო ბევრი ადამიანი შეცდომაში შევიდა”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება
შემდეგი სტატიამიუნხენში 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა