კახა კალაძე: რუსეთს ახლაც შეუძლია აუცილებელი მოცულობის ნახევარი სომხეთს ირანის გავლით მიაწოდოს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, როდესაც “გაზპრომისგან” ახალი შეთავაზებები მიიღო, ის საკითხიც იქნა განხილული, თუ რა მოყვებოდა კონტრაქტის შეწყვეტას.

კალაძის თქმით, ქართულმა მხარემ განიხილა ის შესაძლებლობა, შეუძლია თუ არა რუსეთს სომხეთისთვის აირი მიწოდება ირანის გავლით.

“დანაკლისს რაც გვაქვს კომპენსირება სჭირდება. აქამდე რუსული აირის 10 პროცენტს ვიღებდით და ამით ვფარავდით. ახლა „გაზპრომი“ გვთავაზობს ფულად გადასახადზე გადასვლას. რასაკვირველია ეს ჩემთვის სიახლე იყო. როდესაც ჩემოვედით თბილისში, შევიკრიბეთ და განვიხილეთ ეს თემა, გავაანალიზეთ თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოვაწერდით ხელს ამ კონტრაქტს. არის თუ არა შესაძლებლობა მისცეს სომხეთს აირი ირანის გავლით. დღესდღეობით ეს საშუალება არის. მათ შეუძლიათ მისცენ მილიარდი კუბური მეტრი სომხეთს ირანის გავლით”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს შეასრულოს თავისი მუქარა, შეწყვიტოს საქართველოზე ტრანზიტი და მოამარაგოს სომხეთი ირანის გავლით, კალაძე აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია.

“ახლაც შეუძლიათ სომხეთისთვის აუცილებელი მოცულობის ნახევარი მიაწოდონ ირანის გავლით. და ერთ წელიწადში, თუ იქნება ინვესტიციები ას პროცენტსაც შეძლებენ. საქართველოსთვის ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ დავიწყეთ მოლაპარაკებები. არ გვინდა დათმობა და არ გვინდა მივიღოთ ის შედეგები რაც აქამდე გვაქვს. ჩვენ გვინდა მივიღოთ აირის ის მოცულობა, რომელიც სჭირდება ქვეყანას და როდესაც სჭირდება და რომ არ იყოს რაღაც პრობლემები”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

რაც შეეხება ფასს, ვიცე-პრემიერის თქმით, აზერბაჯანულთან შედარებით, “გაზპრომის” ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

“აზერბაიჯანულთან შედარებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ჩვენმა აზერბაიჯანელმა პარტნიორებმა ეს იციან, დასამალი არაფერია. ამიტომ ჩვენ ვართ პრიორიტეტულ მდგომარეობაში. ვნახოთ. ვფიქრობ მალე დავამთავრებთ მოლაპარაკებებს”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის შეზღუდვები მოიხსნა
შემდეგი სტატია“ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს” – ქევხიშვილი ზვიადაურს პასუხობს