პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

“მე შეხვედრის დაწყებამდე ვთქვი, რომ არც გადაჭარბებული იმედები მაქვს და არც უიმედოდ შევდივარმეთქი. იყო უაღრესად საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენს მიერ დაყენებული თემებიდან, გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო გახდება, ამ განხილვის პროცესში, შეიძლება ჩვენი ჩართულობაც კი მოხდეს. მეორე – უახლოეს დღეებში შეიქმნება ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს მსჯელობის საგნად გახდის, დაწყებული სისტემიდან, დამთავრებული სხვა საკითხებით. ამიტომ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იყო იმედისმომცემი შეხვედრა, მაგრამ ზედმეტ ეიფორიაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ რაღაც ახალი მოხდა – არა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი”, – განაცახდა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ფიქსირებულ ვადებში უნდა მოხდეს, კერძოდ, მისი აზრით, უახლოეს დღეებში შეიქმნას ახალი ფორმატი და მისი მუშაობის ვადად 1 თვე განისაზღვროს.

“ეს აბსოლუტურად საკმარისია, რომ შესაჯერებელზე შევჯერდეთ და ვერშესაჯერებელზე ვთქვათ, რომ ვერ შევჯერდით. ამის მერე იქნება საპარლამენტო იმპლემენტაცია და ჩათვალეთ, რომ 6 თვით ადრე არჩევნებამდე ჩვენ გვექნება შეცვლილი საარჩევნო სისტემა, რაც უკვე კარგია”, – დასძინა კაციტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა: მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი